ვაზიანში მე-5 საარტილერიო ბრიგადის 33 წლის იუბილე აღინიშნა. არტილერისტებს პროფესიული დღე საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა როლანდ ძნელაძემ მიულოცა. ღონისძიება პირადი შემადგენლობის დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა. სამხედრო მოსამსახურეებმა სხვადასხვა ხარისხის მედლები და სამახსოვრო საჩუქრები მიიღეს. საარტილერიო ბრიგადამ სამხედროების ოჯახის წევრებსაც უმასპინძლა. სტუმრებს სამხედრო ბაზებზე გამოფენილი სამხედრო ტექნიკის დათვალიერების და გასართობ აქტივობებში ჩართვის საშუალებაც ჰქონდათ. ღონისძიების პარალელურად, პროექტის - „ერთი დღე ჯარში“ ფარგლებში ბრიგადას რუსთავის მე-10 და მე-17 სკოლების მოსწავლეები ესტუმრნენ. აღნიშნულ სკოლებში საპილოტე პროგრამით ისწავლება საგანი - „სამხედრო საქმე“ და მოზარდები უსაფრთხოების საკითხებს ეცნობიან.