გრიგოლ გეგელია - ვიბრძვით ბოლომდე, ქვეყანას გავათავისუფლებთ „ქართული ოცნებისგან“ - სარჩელს, სადაც მილიონ ქართველს უკრძალავენ რჩეულ პოლიტიკურ პარტიას, სამხილებად უდევს აბსურდული, ენით აღუწერელი ზღაპრები - Palitra News

გრიგოლ გეგელია - ვიბრძვით ბოლომდე, ქვეყანას გავათავისუფლებთ „ქართული ოცნებისგან“ - სარჩელს, სადაც მილიონ ქართველს უკრძალავენ რჩეულ პოლიტიკურ პარტიას, სამხილებად უდევს აბსურდული, ენით აღუწერელი ზღაპრები

2026-11-10 20:34:32+04:00

პროცესს ვაგრძელებთ და ვიბრძვით ბოლომდე. მოლოდინი არის, რომ ამ ქვეყანას გავათავისუფლებთ „ქართული ოცნებისგან“, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველო - ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

გრიგოლ გეგელიას თქმით, „ქართული ოცნება“ „ლელოს“ შუამდგომლობას სარჩელის განხილვის პროცესში მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპის ჩატარების შესახებ „ძალიან დიდი ძრწოლით შეხვდა“.

“„ქართულ ოცნებას“ არ აქვს არანაირი მტკიცებულება და სამხილი. ის, რა თქმა უნდა, არის შეშინებული, ამიტომ „ლელოს“ შუამდგომლობას ძალიან დიდი ძრწოლით შეხვდა. „ლელოს“ შუამდგომლობა მდგომარეობდა იმაში, რომ სამხილების მოკვლევა მოხდეს. წარმოიდგინეთ, ამხელა მასშტაბის საქმეში, სადაც მილიონ ქართველს უკრძალავენ მათ რჩეულ პოლიტიკურ პარტიას, ათასობით ადამიანს უკრძალავენ პოტენციურად პოლიტიკაში მონაწილეობას, ასეთ სარჩელს სამხილებად უდევს აბსოლუტურად აბსურდული და ენით აღუწერელი ზღაპრები. ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ „ქართული ოცნება“ არის ისტორიის ფუნდამენტურად არასწორ მხარეს. ისინი არიან თხემით-ტერფამდე რუსები“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.

ცნობისთვის, "ლელო-ძლიერი საქართველო“, საკონსტიტუციო სასამართლოში, ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელის განხილვის პროცესში მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპის ჩატარებას ითხოვდა.

შესაბამისი შუამდგომლობა მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა, ლევან სამუშიამ დააყენა, თუმცა მას სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც დაეთანხმნენ.

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა „ლელო-ძლიერი საქართველოს“ შუამდგომლობა, სხდომაზე მტკიცებულებების გამოკვლევის შესახებ, მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა.