არჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე - მცდელობაა, სამართლებრივი პროცესი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს, როგორმე ტელედებატებსა და შოუში გადაიზარდოს - ცდილობენ, დემაგოგიის გზით ფონს გავიდნენ - Palitra News

არჩილ გორდულაძე ოპოზიციაზე - მცდელობაა, სამართლებრივი პროცესი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს, როგორმე ტელედებატებსა და შოუში გადაიზარდოს - ცდილობენ, დემაგოგიის გზით ფონს გავიდნენ

2026-11-10 21:22:28+04:00

მცდელობა არის, რომ სამართლებრივი პროცესი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს, როგორმე ტელედებატებსა და შოუში გადაიზარდოს, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს დღევანდელი სხდომის შეფასებისას განაცხადა.

არჩილ გორდულაძის თქმით, მოპასუხე პარტიებმა იციან, რომ სამართლებრივად არავითარი გამართლება არ აქვს მათ არაკონსტიტუციურ ქმედებებს და ახლა ცდილობენ მხოლოდ და მხოლოდ დემაგოგიის გზით როგორმე ფონს გავიდნენ.

„დღეს არაკონსტიტუციური პარტიების წარმომადგენლები ისევ თავისას აგრძელებენ. მცდელობა არის, რომ სამართლებრივი პროცესი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს, როგორმე ტელედებატებსა და შოუში გადაიზარდოს. იციან, რომ სამართლებრივად არავითარი გამართლება არ აქვს მათ არაკონსტიტუციურ ქმედებებს და ახლა ცდილობენ, მხოლოდ და მხოლოდ დემაგოგიის გზით როგორმე ფონს გავიდნენ. მათ შორის ისეთ სამართლებრივად აბსურდულ საკითხებსაც კი აყენებდნენ, მაგალითად ნიკა გვარამია დღეს მოუწოდებდა საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ საბოლოო გადაწყვეტილების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი დღესვე მიეღო და გადაეწყვიტა. ასეთი რამ, არა თუ საკონსტიტუციო სასამართლოს ისტორიაში, არამედ საერთო სასამართლოებში და ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში არავის არ უცდია. როდესაც საკონსტიტუციო პარტიებს არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ აქვთ ან სამართლებრივი ნონსენს მოიშველიებენ ხოლმე მაშველ რგოლად, ან დავალების მიმცემ ქმედებებს მოიშველიებენ ხოლმე“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.