ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე საქართველო მიწვეული არ არის. ქვეყანას მხოლოდ დაკავშირებადობის საკითხებზე დაგეგმილ მინისტერიალში მონაწილეობის შესაძლებლობა შესთავაზეს, ისიც დაბალი დონის ფორმატში. მმართველი გუნდი ასეთ მიწვევას მიუღებლად მიიჩნევს და აცხადებს, რომ შესაბამისი დონის მოწვევის გარეშე ბრიუსელში დაგეგმილ შეხვედრებში მონაწილეობას არ მიიღებს. ოპოზიცია კი ხელისუფლებას მოუწოდებს, გამოიყენოს ყველა არსებული შესაძლებლობა ევროკავშირთან ურთიერთობის შესანარჩუნებლად. ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, არსებული ვითარების ფონზე დამატებითი დაძაბულობის თავიდან აცილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.