მეუფე ილარიონი - ეკლესიის ხმა ვერ იქნება დადუმებული მატერიალური კეთილდღეობით, სახელმწიფო დაფინანსებითა თუ ფარული ზეწოლის მექანიზმებით - მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს მოქალაქეთა და სასულიერო პირთა უკანონო თვალთვალი - Palitra News

მეუფე ილარიონი - ეკლესიის ხმა ვერ იქნება დადუმებული მატერიალური კეთილდღეობით, სახელმწიფო დაფინანსებითა თუ ფარული ზეწოლის მექანიზმებით - მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს მოქალაქეთა და სასულიერო პირთა უკანონო თვალთვალი

2026-11-11 18:29:40+04:00

ეკლესია ყოველთვის იდგა და დგას ერის სადარაჯოზე. არსებობს დრო, როდესაც დუმილი არა თავმდაბლობა, არამედ პასუხისმგებლობისგან თავის არიდებაა. გრიგოლ ხანძთელისა და ამბროსი ხელაიას მემკვიდრეობის ერთგულება გვავალდებულებს დღესაც, ხმამაღლა და შეულამაზებლად ვთქვათ სიმართლე მაშინ, როდესაც საფრთხე ემუქრება ერის ზნეობრივ საფუძვლებსა და მომავალი თაობის გადარჩენას, - ასე ეხმაურება მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტი ილარიონი მეუფე იობის 10 ნოემბრის ქადაგების შესახებ საზოგადოების შეფასებებს.

როგორც მეუფე ილარიონი წერს, “ხელისუფლება, რომელიც საკუთარ ხალხს ზურგს აქცევს და ერის გამანადგურებელ პროცესებს უწყობს ხელს, თავადვე შორდება საღვთო მადლს”.

მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტი თავის განცხადებაში ხაზს უსვამს სათამაშო ბიზნესისა და ქვეყანაში ნარკოტიკების გავრცელების გამო არსებულ პრობლემას, რომელმაც ახალგაზრდა თაობაში უმძიმესი შედეგები გამოიწვია. მეუფე ილარიონი დემოგრაფიულ და საემიგრაციო პოლიტიკაზეც ამახვილებს ყურადღებას.

მიტროპოლიტი ეკლესიის მისიასა და სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე თავის განცხადებაში ვრცლად საუბრობს და ამბობს, რომ ეკლესიის ხმა ვერ იქნება დადუმებული მატერიალური კეთილდღეობით, სახელმწიფო დაფინანსებითა თუ ფარული ზეწოლის მექანიზმებით, მეუფე ილარიონი მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს მოქალაქეთა და სასულიერო პირთა უკანონო თვალთვალი.

“საზოგადოებაში განსაკუთრებული ყურადღება გამოიწვია და ფართო განხილვის საგანი გახდა მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის, მეუფე იობის 10 ნოემბრის ქადაგება, რომელშიც მან ისაუბრა ქვეყანაში არსებულ სულიერ, სოციალურ და ეროვნულ გამოწვევებზე. გვსურს, ამ საკითხთან დაკავშირებით დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია ეკლესიის მისიასა და სახელმწიფოს პასუხისმგებლობაზე.

ეკლესია ყოველთვის იდგა და დგას ერის სადარაჯოზე. არსებობს დრო, როდესაც დუმილი არა თავმდაბლობა, არამედ პასუხისმგებლობისგან თავის არიდებაა. ეკლესიის ისტორია გვასწავლის, რომ ჭეშმარიტი მწყემსი არასდროს უშინდება მიწიერ ძალაუფლებას, როდესაც საქმე ერის გადარჩენას ეხება. ჩვენ გვახსოვს წმინდა გრიგოლ ხანძთელის სიმტკიცე მეფის წინაშე, წმინდა იოანე ოქროპირის მხილება სამეფო კარის უსამართლობაზე და წმინდა ამბროსი ხელაიას თავგანწირვა საბჭოთა რეჟიმის პირისპირ. სწორედ ამ მემკვიდრეობის ერთგულება გვავალდებულებს დღესაც, ხმამაღლა და შეულამაზებლად ვთქვათ სიმართლე მაშინ, როდესაც საფრთხე ემუქრება ერის ზნეობრივ საფუძვლებსა და მომავალი თაობის გადარჩენას.

ნებისმიერი ღვთისმსახურების დროს ეკლესია ლოცულობს „ქრისტესმოყვარისა მთავრობისა და მხედრობისათვის“. ეს ლიტურგიკული ფორმულა უდიდეს პასუხისმგებლობას აკისრებს ხელისუფალს. მთავრობა „ქრისტესმოყვარე“ და ღვთისგან კურთხეულია მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ქრისტიანული ზნეობით, სამართლიანობითა და მოყვასის სიყვარულით მართავს ქვეყანას, იცავს სარწმუნოებას, ეროვნულ ღირებულებებსა და საკუთარი ხალხის კეთილდღეობას. ხელისუფლება, რომელიც საკუთარ ხალხს ზურგს აქცევს და ერის გამანადგურებელ პროცესებს უწყობს ხელს, თავადვე შორდება ამ კურთხევასა და საღვთო მადლს.

სამწუხაროდ, დღეს ვხედავთ, რომ სათამაშო ბიზნესისა და ნარკოტიკული საშუალებების უკონტროლო გავრცელებითა და ფაქტობრივი წახალისებით, ჩვენი ახალგაზრდობა უმძიმესი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა. ლუდომანია და ნარკომანია ანადგურებს ოჯახებს და ართმევს ქვეყანას მომავალს.

ამავდროულად, უკიდურესად შემაშფოთებელია ქვეყანაში შექმნილი მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობა. მაშინ, როდესაც ქართველი მოსახლეობა იძულებულია, ლუკმაპურის საშოვნელად უცხოეთში გადაიხვეწოს და ქვეყანა იცლება ადგილობრივი მოსახლეობისგან, ვხედავთ უცხო ქვეყნის მოქალაქეების, მათ შორის არაბული ქვეყნებიდან მიგრანტებისა და ვიზიტორების უკონტროლო და მასობრივ შემოდინებას, მიწებისა და ქონების გასხვისებას. ასეთი უპასუხისმგებლო საემიგრაციო და ეკონომიკური პოლიტიკა პირდაპირ ემუქრება საქართველოს ეროვნულ იდენტობას, კულტურულ თვითმყოფადობასა და დემოგრაფიულ ბალანსს.

ყოვლად დაუშვებელი და მიუღებელია სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის პირადი სივრცის ხელყოფა, უკანონო მიყურადება და თვალთვალი, რომელიც მიმართულია როგორც სასულიერო პირების, ისე ქვეყნის თითოეული მოქალაქის წინააღმდეგ. ადამიანის თავისუფლება და ღირსება ღვთისგან ბოძებული უზენაესი ნიჭია, ხოლო პირად ცხოვრებაში უხეში ჩარევა ეწინააღმდეგება როგორც ქრისტიანულ მორალს, ისე სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს. ეკლესიის შიდა ცხოვრებასა და მოქალაქეთა პირად სივრცეში ასეთი ჩარევა ძირს უთხრის საზოგადოებრივ ნდობას და აზიანებს თავად სახელმწიფოს საფუძვლებს.

სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობა უნდა ეფუძნებოდეს ურთიერთპატივისცემას, დამოუკიდებლობასა და ერის საერთო კეთილდღეობისთვის მსახურებას. ეკლესიის ხმა ვერ იქნება დადუმებული მატერიალური კეთილდღეობით, სახელმწიფო დაფინანსებითა თუ ფარული ზეწოლის მექანიზმებით, რადგან ჩვენი მთავარი ანგარიშვალდებულება უფლისა და ჩვენი მრევლის წინაშეა.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გააცნობიეროს საკუთარი ისტორიული პასუხისმგებლობა ერისა და ღვთის წინაშე, შეწყვიტოს მოქალაქეთა და სასულიერო პირთა უკანონო თვალთვალი, გადადგას ქმედითი ნაბიჯები სათამაშო ბიზნესისა და ნარკოპოლიტიკის გამკაცრებისკენ, გაატაროს ეროვნულ ინტერესებზე მორგებული საემიგრაციო და დემოგრაფიული პოლიტიკა და დაიცვას ჩვენი ქვეყნის მომავალი.

ღმერთმა დალოცოს და გააძლიეროს სრულიად საქართველო", - წერია განცხადებაში.SS.GE