დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისის მუნიციპალურ ინსპექციას ავალებს, დეკემბრის ბოლომდე სრულად აღწეროს გარე ვაჭრობაში ჩართული მოქალაქეთა რიცხვი, რათა მერიას ჰქონდეს სრული სურათი, თუ რამდენი ადამიანი საჭიროებს მხარდაჭერას ალტერნატიულ სივრცეებში საქმიანობის გაგრძელების კუთხით. როგორც კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, უსახური კონსტრუქციების თვითნებურად განთავსებისა და უნებართვო გარე ვაჭრობის პრაქტიკა დიდ პრობლემას წარმოადგენს ქალაქისთვის, თუმცა მეორე მხრივ, გასაგებია იმ მოქალაქეების მდგომარეობაც, რომლებიც მსგავს საქმიანობას ეწევიან. დედაქალაქის მერმა თბილისის რაიონების გამგებლებს დაავალა, მოიძიონ სივრცეები სავაჭრო ადგილების მოსაწყობად.