წლის დასაწყისიდან დღემდე, სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა თითქმის 200 ათასი ადამიანით შემცირდა - Palitra News

წლის დასაწყისიდან დღემდე, სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა თითქმის 200 ათასი ადამიანით შემცირდა

2026-11-12 15:30:09+04:00

საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ისევ შემცირდა. მხოლოდ მიმდინარე წელს, საარსებო შემწეობა 191 736 ადამიანს შეუწყდა. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, მხოლოდ ერთ თვეში, ოქტომბერში, საარსებო შემწეობის გაცემა 28 625 ბენეფიციარზე შეწყდა, წელს 10 თვეში კი ბაზიდან ჯამში 191 736 პირი ამოიღეს. უფრო კონკრეტულად, თუ 2026 წლის იანვარში, სახელმწიფოსგან ფინანსურ დახმარებას 710 226 სოციალურად დაუცველი იღებდა, უკვე ოქტომბერში ბაზაში მხოლო 518 490 ადამიანი დარჩა. „ამჟამად სოციალურ დახმარებას იმაზე მეტი ადამიანი იღებს საქართველოში, ვიდრე ღარიბია და ამიტომ, ეს მაჩვენებელი გადასახედია.“ - ეს განცხადება პრემიერს ეკუთვნის და ფაქტობრივად ამით დაანონსდა შემწეობის მიმღებთა ე.წ. გაბერილი სიების გადამოწმების პროცესი. მოგვიანებით კი მთავრობამ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის წესები შეცვალა. მთავრობის ახალი დადგენილებით, სისტემაში გაჩნდა მკაცრი ფინანსური ზღვარი, რომელიც მაღალი შემოსავლის მქონე პირებს დახმარების მიღების შესაძლებლობას ავტომატურად უწყვეტს. შესაბამისად, წლის დასაწყისიდან დღემდე, სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა თითქმის 200 ათასი ადამიანით შემცირდა.