მსოფლიო ბანკის პროგნოზი მძიმეა. 2026 წელს სურსათზე გლობალური ფასები 10.3%-ით გაიზრდება. და ეს ყველაფერი არ არის, 2027 წელს სასურსათო საქონელზე ფასების დამატებით 7.2%-იანი ზრდა გველოდება. ამის შესახებ მსოფლიო ბანკი სასაქონლო ბაზრების პერსპექტივების ოქტომბრის ანგარიში გვატყობინებს. არახელსაყრელი სცენარის შემთხვევაში სურსათის ფასები 2022 წლის კრიზისულ დონეს გადააჭარბებს. ბანკის შეფასებები ახლო აღმოსავლეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში, გეოპოლიტიკურ არასტაბილურობას, ასევე, სტრუქტურულ სავაჭრო გამოწვევებს ასახავს. ამასთან, სურსათის გლობალური ბაზრისთვის მთავარ საფრთხეებს შორის ელ-ნინიოს ძლიერი კლიმატური ფენომენი, შავი ზღვის გავლით მარცვლეულის მიწოდების შეფერხება და ენერგომატარებლებზე მაღალი ფასებია. მთლიანობაში, ბანკის პროგნოზით, 2026-2027 წლებში სურსათზე ფასების ზრდა, დაახლოებით, 18%-ს შეადგენს, მაშინ, როცა 2022-2025 წლებში გლობალური ფასები 21%-ით შემცირდა. ერთ-ერთ მთავარ რისკად ელ-ნინიო რჩება, რომელიც ძირითად სასოფლო-სამეურნეო რეგიონებში ნალექის ხასიათსა და ტემპერატურაზე ახდენს გავლენას. გვალვებმა და წყალდიდობებმა შესაძლოა, ბრინჯის, ხორბლისა და ზეთოვანი კულტურების წარმოების შემცირება გამოიწვიოს. პროგნოზის თანახმად, 2026-27 წლების სეზონზე ბრინჯის გლობალური წარმოება შესაძლოა, 2%-ით შემცირდეს. წელს მისი ფასი 10%-ით, ხოლო მომავალ წელს კიდევ 12%-ით გაიზრდება. ხორბლის ფასები შესაძლოა, კიდევ უფრო მნიშვნელოვნად, ანუ წელს 28%-ით, ხოლო 2027 წელს 14%-ით გაიზარდოს. ვითარებას, შავი ზღვის რეგიონიდან მიწოდების შეფერხება ართულებს. რუსეთსა და უკრაინაზე გლობალური ხორბლის ექსპორტის, დაახლოებით, 30% მოდის, ამიტომ მარცვლეულის ტრანსპორტირების შეფერხება საერთაშორისო ფასებზე ახდენს გავლენას. ანგარიშის თანახმად, აგვისტოში უკრაინული ხორბლის ექსპორტი, გასული წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით, თითქმის, 70%-ით ნაკლები იყო. მსოფლიო ბანკი, ასევე, ვარაუდობს, რომ 2026-27 წლების სეზონზე ხორბლის გლობალური წარმოება 3%-ით შემცირდება. მცენარეული ზეთის ბაზარი დამატებით ზეწოლას განიცდის. ნავთობის გაძვირება ბიოსაწვავის ნედლეულზე მოთხოვნას ზრდის, ხოლო ამინდის არახელსაყრელი პირობები ზეთოვანი კულტურების მოსავალს საფრთხეს უქმნის. შედეგად, მცენარეულ ზეთსა და შროტზე ფასები შესაძლოა, წელს 17%-ით, ხოლო 2027 წელს კიდევ 8%-ით გაიზარდოს.
ამ რისკების მიუხედავად, ბანკის საბაზისო სცენარში სურსათის მასშტაბური გლობალური დეფიციტი მოსალოდნელი არ არის: მარცვლეულის მთლიანი მარაგი და წარმოება შედარებით მაღალი რჩება.
თუმცა თუ ამინდის პირობები გაუარესდება, საწვავზე ფასები ისევ გაიზრდება და საერთაშორისო მიწოდების შეფერხება გაგრძელდება, 2027 წელს სურსათზე ფასები შესაძლოა, საბაზისო პროგნოზზე 12%-ით, ხოლო მარცვლეულის ფასები 20%-ით მაღალი იყოს.