ირაკლი მელაშვილი - პარტიების აკრძალვაზე პროცესებს გაოცებული ვუყურებ, არაფერს აზრი არ აქვს - ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, გადაწყვეტილების დღეს როგორ ხასიათზე გაიღვიძებს ივანიშვილი, ამას სერიოზულად ვამბობ, ვისაც უნდა, ის გაბრაზდეს - Palitra News

ირაკლი მელაშვილი - პარტიების აკრძალვაზე პროცესებს გაოცებული ვუყურებ, არაფერს აზრი არ აქვს - ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, გადაწყვეტილების დღეს როგორ ხასიათზე გაიღვიძებს ივანიშვილი, ამას სერიოზულად ვამბობ, ვისაც უნდა, ის გაბრაზდეს

2026-11-12 19:38:22+04:00

ეს არის ისტორიული პროცესი. მართლა არ გამიგია, რომელიმე დემოკრატიულ ქვეყანაში პარტიების გაუქმების პროცესი ასე ბითუმად მიდიოდეს. სრულიად სხვადასხვა პარტია, სრულიად სხვადასხვა წარმომავლობის, ერთმანეთთან საკმაოდ დაპირისპირებული… ეს არის წითელი ხაზები სახელმწიფოს მართვაში. როდესაც ხელისუფლება ასეთ ნაბიჯს დგამს, ეს უკვე არის ავტორიტარიზმიდან დიქტატურაში გარდამავალი ეტაპის დასაწყისი და მთელ მსოფლიოში ასე იქნება ეს ამბავი აღქმული , - ამის შესახებ პოლიტიკის ანალიტიკოსმა ირაკლი მელაშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “რეზიუმეში” პარტიების აკრძალვის პროცესთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

მელაშვილის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილების მიღებამდე კარგად უნდა დაფიქრდეს, რადგან, მისივე განცხადებით, სარჩელი “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, თეა წულუკიანის საკომისიო დასკვნაზეა დაფუძნებული, რომელშიც 2008 წლის აგვისტოს ომი ქართულ მხარეს ბრალდება. მელაშვილის განმარტებით, თუ საკონსტიტუციო სასამართლომ “ნაციონალური მოძრაობა” დამნაშავედ ცნო, ეს იქნება გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყანას საუკუნეების განმავლობაში გაჰყვება.

“რა თქმა უნდა, სასამართლო პროცესზე უნდა წარდგე სამართლებრივი პოზიციით, მაგრამ ყველანი ვხვდებით, რომ ამას არანაირი აზრი არ აქვს. არსებობს ვარიანტები, რომ მარტო “ნაცები” აკრძალონ, შეიძლება ვიღაც კიდევ აკრძალონ, ვიღაც დატოვონ, მაგრამ… ეს ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, იმ დღეს, როდესაც გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, როგორ ხასიათზე გაიღვიძებს ბიძინა ივანიშვილი. ამას აბსოლუტურად სერიოზულად ვამბობ, ვისაც უნდა, ის გაბრაზდეს. ეს არის ძალიან სუბიექტურ ფაქტორებზე დამოკიდებული და არა იმაზე, სასამართლო პროცესებზე რას იტყვის ოპოზიცია და რას იტყვის ის მხარე, რომელიც წარმდგენია.

ძალიან გაოცებული ვუყურებ ამ ყველაფერს, ამ საკონსტიტუციო სასამართლოს… რაღაც პროფესიული თავმოყვარეობა ხომ აქვთ? მოსამართლე როინიშვილი, რომელიც 2007-2008 წელს, “ნაცების” დროს აჭარის მთავარი პროკურორი იყო, შავაძის საქმეზე, იმ საქმეზე, რომელიც წულუკიანის კომისიის დასკვნაშია შეტანილი, “ნაცებმა” რაც დააშავეს, ერთ-ერთი ეს არისო… და ვინც დააშავა, უშუალო შემსრულებელი ვინც იყო ამ საქმეში, ის დღეს “ნაციონალურ მოძრაობას” როგორ ასამართლებს რეჟიმის გამო?

არაფერს აზრი არ აქვს, უბრალოდ, ოპოზიცია იძულებულია, ბოლომდე ამოწუროს პროცედურა, მიიღოს მასში მონაწილეობა იმისათვის, რომ სტრასბურგში მოახერხოს წასვლა.

ახლა რაც ხდება, ყველაზე ისტორიულ საფრთხედ მიმაჩნია. საკონსტიტუციო სასამართლომ თუ მიიღო გადაწყვეტილება და 2008 წლის ომში ქართული სახელმწიფო დაადანაშაულა, ეს იქნება გადაწყვეტილება, რომელიც შეიძლება საუკუნეები გაგვყვეს. პოლიტიკაში არსებობს გადაწყვეტილებები, რომლებიც არ იცვლება და რომელსაც გრძელვადიანი ზემოქმედების შესაძლებლობა აქვს. ამიტომ, საკონსტიტუციო სასამართლო კარგად უნდა დაფიქრდეს. მოსამართლე ევა გოცირიძემ სწორად დასვა კითხვა ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს კითხვა ბოლომდე იყო მისაყვანი”, - განაცხადა ირაკლი მელაშვილმა.