გურამ როგავას მიმართ ძალადობის ფაქტზე დაკავებულ სპეცრაზმელს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - როგავა აცხადებს, რომ “საქმეზე სულ სხვა სპეცრაზმელია გასამართლებული და რეალური თავდამსხმელი“ კი თავისუფალია - Palitra News

გურამ როგავას მიმართ ძალადობის ფაქტზე დაკავებულ სპეცრაზმელს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - როგავა აცხადებს, რომ “საქმეზე სულ სხვა სპეცრაზმელია გასამართლებული და რეალური თავდამსხმელი“ კი თავისუფალია

2026-11-12 20:44:04+04:00

ჟურნალისტ, გურამ როგავაზე თავდასხმის საქმეზე სპეცრაზმელ გურამ კირკიტაძეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3 წლით საქმიანობის უფლების შეზღუდვა შეეფარდა.

გურამ როგავა სოციალურ ქსელში წერს, რომ მას პროკურორი მოულოდნელად დაუკავშირდა და განაჩენი მისი გამოკითხვის გარეშე აცნობა.

როგავას განცხადებით, საქმეზე სულ სხვა სპეცრაზმელია გასამართლებული და რეალური თავდამსხმელი ისევ თავისუფალია.

„ცოტა ხნის წინ, სრულიად მოულოდნელად პროკურორმა, ლაშა გამყრელიძემ დამირეკა და გამაგებინა, რომ დღეს სასამართლომ თავდასხმის საქმეზე განაჩენი ჩემი გამოკითხვის გარეშე გამოაცხადა. მანამდე, პროკურატურა საერთოდ არ მეკონტაქტებოდა.

აქვე იმასაც გაგახსენებთ, რომ დღევანდელი განაჩენის გამოცხადებამდე რამდენიმე კვირით ადრე, საქმის პროკურორმა გიორგი ნადირაძემ უწყებიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო და ფეისბუქზე დაწერა, რომ საქმიანობას კერძო სექტორში გააგრძელებდა.

ჩემი ინფორმაციით, მას არ ეყო ნერვები აბსურდული საქმე ბოლომდე მიეყვანა და ფიქრობს, რომ გაქცევით თავს უშველა.

როგორც დღეს გავიგე, გიორგი ნადირაძე საქმის განხილვის საბოლოო ეტაპზე ლაშა გამყრელიძემ ჩაანაცვლა.

გამყრელიძემ პირველად დღეს დამირეკა, გამეცნო და იქვე დამემშვიდობა, - თქვენი საქმის განხილვა დასრულებულიაო. აი, ასეთ აბსურდში ვართ.

ჩემი ინფორმაციით, საქმეზე სულ სხვა სპეცრაზმელია გასამართლებული და რეალური თავდამსხმელი ისევ თავისუფალია, რადგან ის სხვა გახმაურებული და სისხლიანი საქმეების ერთერთი მთავარი ფიგურანტია და რეჟიმისგან ხელშეუხებლობის გარანტიით სარგებლობს”, - წერს გურამ როგავა.

ცნობისთვის, პროკურატურამ, 2024 წლის აქციების ფარგლებში, მომიტინგე ზვიად მაისაშვილის, პოლიტიკოს ლევან ხაბეიშვილისა და ჟურნალისტ გურამ როგავას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ხუთი პირი, მათ შორის სამი ყოფილი და ერთი მოქმედი სპეცრაზმელი დააკავა, ასევე, ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოქმედი თანამშრომელი.

ორი სპეცრაზმელი სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, უკვე პატიმრობაში იმყოფება.

ხუთივე დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ბ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას გულისხმობს, ხოლო როგავას ეპიზოდზე დაკავებულ პირს დამატებით წარედგინა ბრალდება 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობით, უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს. წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.