საბაც და მერაბიც დაკავებული არიან 48 საათით - ვიცი, რომ საქართველოს მთავრობა ჩართულია და ყველაფერი რიგზე იქნება, - ამის შესახებ აჭარის ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა, საბა ლაზიშვილის მამამ, ანზორ ლაზიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალი სტუდიაში“ განაცხადა.
ანზორ ლაზიშვილის თქმით, მერაბ დვალიშვილზე თავდამსხმელებს ალბათ, მისი დამცირება უნდოდათ, თუმცა მერაბ დვალიშვილმა და საბა ლაზიშვილმა ღირსეული წინააღმდეგობა გასწიეს.
„მე არაფერი არ ვიცოდი, მე და ჩემი მეუღლე მოვდიოდით ბათუმიდან. დამირეკეს, თავს დაესხნენ მერაბს და საბასო. ორი წუთი არ იყო გასული, საბასგან მიიღო სმს-ი დედამისმა: „დედა არ ინერვიულო, პატარა ნაკაწრები გვაქვს, ვიჩხუბეთ ღირსეულად“. მეტი არაფერი მოუწერია.
მერაბს 15-ში ჩხუბი აქვს და ყველა ღონე უნდა იხმარონ, რომ ხვალ გამოვიდეს, რომ იჭიდაოს ბიჭმა. ვიცი, რომ მთავრობა ჩარეულია და ყველაფერი რიგზე იქნება. ყველა ერთადაა დაკავებული. ხვალ გადაწყდება ან ზეგ, 48-საათიანი ორდერი აქვს გამოწერილი. ჩვენები თავს იცავდნენ და არ მგონია რამე ისე [მოხდეს], მაგრამ მათი კანონები აქვთ და იქ დიდ დემოკრატიაზე არაა ლაპარაკი. ყოველ შემთხვევაში, ყველაფერი ჩანს ვიდეოში, რაც მოხდა. მოეპარნენ უკნიდან, თანაც როგორი ხალხი? ერთი ufc-ის ათეულშია, მეორეს საერთოდ არ აქვს წაგება და ბიჭებმა რა ქნეს? პასუხი გასცეს... ალბათ, უნდოდათ მერაბის დამცირება, არ ელოდნენ და მოხდა ის, რაც მოხდა. დაარტყეს და ბიჭებმაც წინააღმდეგობა გასწიეს, მგონი ღირსეულად.
სურათი რომ ვნახე, ორივე დასისხლიანებული, უარყოფითი რეაქცია მქონდა, გაღიზიანებული ვიყავი, მაგრამ როცა ჩხუბი ვნახე, ძალიან კმაყოფილი დავრჩი, საბა მოიქცა ისე, როგორც უნდა მოქცეულიყო. ვიცოდი, რომ კარგად ჩხუბობდა, მაგრამ ამ დონეზე? მსოფლიო დონის ვარსკვლავებს, თანაც წონით დიდებს რომ ასე გაუმკლავდა, არ ველოდი“, - განაცხადა ანზორ ლაზიშვილმა.
შეგახსენებთ, აბუ-დაბიში ინტერვიუს ჩაწერის დროს, მერაბ დვალიშვილს და საბა ლაზიშვილს რუსი MMA-ს მებრძოლი, უსმან ნურმაგომედოვი თანმხლებ პირებთან ერთად თავს დაესხა. შესაბამისი ინფორმაცია თავად მერაბ დვალიშვილმა გაავრცელა, მოგვიანებით სოციალურ ქსელში გავრცელდა თავდასხმის კადრებიც.