ლაშა ტუღუში - „ოცნებას” სერიოზული პრობლემა აქვს საპატრიარქოს გარკვეულ ნაწილთან და ფართო დაპირისპირების კონტურებიც ჩანს - ხელისუფლებას ეკლესიის დაქვემდებარება და ავტორიტეტების განეიტრალება სურს - ლოგიკური ვარაუდია, რომ უკანონო თვალთვალი გრძელდება - Palitra News

ლაშა ტუღუში - „ოცნებას” სერიოზული პრობლემა აქვს საპატრიარქოს გარკვეულ ნაწილთან და ფართო დაპირისპირების კონტურებიც ჩანს - ხელისუფლებას ეკლესიის დაქვემდებარება და ავტორიტეტების განეიტრალება სურს - ლოგიკური ვარაუდია, რომ უკანონო თვალთვალი გრძელდება

2026-11-13 00:18:19+04:00

“ქართულ ოცნებას” სერიოზული პრობლემა აქვს ამჯერად უკვე საპატრიარქოს მინიმუმ გარკვეულ ნაწილთან, თუმცა, ძნელად წარმოსადგენია, რომ დაპირისპირება ვიწრო ჭრილში იყოს. მე ვფიქრობ, რომ აქ ფართო დაპირისპირების რეალური კონტურები ჩანს, - ამის შესახებ „ლიბერალური აკადემიის“ ხელმძღვანელმა, ლაშა ტუღუშმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა “თავისუფალ სტუდიაში” რუის-ურბნისის მიტროპოლიტ იობის ქადაგებასთან და კიდევ რამდენიმე მაღალი იერარქიის სასულიერო პირების განცხადებებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

ტუღუშის შეფასებით, “ქართული ოცნების” ბოლო პერიოდში მიღებულმა გადაწყვეტილებებმა ხელისუფლებასა და საპატრიარქოს შორის ურთიერთობა დაამძიმა.

“საერთოდ, სასულიერო სფეროს წარმომადგენლები მეტი სიმშვიდითა და მეტი ზომიერებით გამოირჩევიან, მეტად ფრთხილები არიან, მათ შორის, შეფასებების დროს. თუ დავაკვირდებით, სასულიერო პირები, რომლებმაც მიტროპოლიტის მხარდაჭერა გამოხატეს, ამბობენ, რომ ბევრი ფიქრობს ასე და ეს არ არის მხოლოდ ერთი ჯგუფის პოზიცია, ეს არის უფრო ფართო პოზიცია.

თუ შევხედავთ იმ ამბებს, რაც ბოლო დროს ხდებოდა, ის კანონები თუ გადაწყვეტილებები, რომლებიც ხელისუფლებამ მიიღო, რასთან მიმართებითაც, როგორც წესი, მათ აქვთ ურთიერთობა, რადგან ეს არ არის უბრალო საკითხები. როდესაც ლაპარაკია კაზინოებზე და ეს არის თემები, რომელიც მრევლს აინტერესებს, ან თუნდაც მშენებლობები, რომელიც საზოგადოების დიდმა ნაწილმა ძალიან მწვავედ მიიღო, აქაც ჩვენ დავინახეთ ძალიან ხისტი და მკვეთრი პოლიტიკა, რომ “ქართულ ოცნებას” არ აინტერესებს არავის შეხედულება, მან ეს გადაწყვიტა და მორჩა. ამან გამოიწვია სიტუაციის დამძიმება. დამძიმდა ის ვითარება, რომელიც შეიქმნა მას შემდეგ, რაც “კრებსები” გამოქვეყნდა. ეს ამ ურთიერთობებზე ძალიან სერიოზული დარტყმაა”, - განაცხადა ლაშა ტუღუშმა.

ანალიტიკოსმა ფარული მიყურადებაზეც ისაუბრა, რაზეც მეუფე იობი და მეუფე ილარიონი ამახვილებენ ყურადღებას.

ტუღუშმა განმარტა, რატომ უნდა სურდეს ხელისუფლებას ადამიანების განადგურება პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერებით, მით უფრო, თუ საუბარია საზოგადოებისთვის ავტორიტეტულ პირებზე. მისი თქმით, ადამიანები, რომლებიც საზოგადოებაში ავტორიტეტით სარგებლობენ, ხელისუფლებისთვის საშიშები ხდებიან და ამიტომ, მათი განეიტრალებისთვის სწორედ ფარულ ჩანაწერებს იყენებს.

“ბუნებრივია მისი პოზიცია იმიტომ, რომ ეს არის სფერო, რომელიც საიდუმლოა. არსებობს აღსარების საიდუმლო. ეს ურთიერთობები, ერთი მხრივ, სასულიერო პირის ურთიერთობა მის მრევლთან და მეორე მხრივ, მისი პირადი ცხოვრება, ისევე, როგორც ნებისმიერი მოქალაქის, ქვეყანაში უნდა იყოს დაცული. მე ვიცი, რა ხდება ამ სფეროში, რა ხდებოდა და რისთვის ვიბრძოდით წლების განმავლობაში. ეს იყო მახინჯი სისტემა, რომელიც ქვეყანაში არსებობდა და რამდენი ხნის განმავლობაში ვაპროტესტებდით, მათ შორის, კანონებისა და პრაქტიკის დონეზე.

როდესაც ავტორიტეტებზე ვსაუბრობთ, ეს არის ძალაუფლების საკითხი. ძალაუფლება სხვადასხვა ფორმაში ვლინდება და როდესაც სასულიერო პირებზე ვსაუბრობთ, ესენი არიან მორალური ძალაუფლების მქონე პირები. შეიძლება შენ არ გყავდეს ჯარი და პოლიცია, მაგრამ შენს სიტყვას ძალიან დიდი ფასი აქვს, ამიტომ საშიშია ნებისმიერი ადამიანი [არ აქვს მნიშვნელობა, ის სასულიერო პირია, მწერალია თუ საზოგადო მოღვაწე], თუ მას აქვს ავტორიტეტი და განსაკუთრებით, თუ ძალაუფლება ავტორიტარიზმისკენ არის მიდრეკილი, ხელისუფლებისთვის ძალიან საშიში ხდება სუბიექტი, ის უნდა გაანეიტრალონ. მისი განეიტრალებისთვის, პირველ რიგში, უნდა მოაგროვო ინფორმაცია არა მარტო მის შესახებ, არამედ მის გარშემომყოფების შესახებ, ეს არის მთელი უბედურება ამ მანკიერი სისტემის. მარტო ერთ ადამიანს კი არ უთვალთვალებენ, გარშემო რაც არის და ეძებენ სუსტ წერტილებს იმისათვის, რომ თუ დასჭირდათ და როგორც წესი, სულ სჭირდებათ, ფარული გზებითა და მექანიზმებით მოახდინონ ზეწოლა მასზე.

გახსოვთ, რამდენი ამბავი ვიცით, როდესაც საიდანღაც გამოჟონა ინფორმაციამ, იყო შემთხვევა, როდესაც “დაიყარა” სასულიერო პირებზე [ჩანაწერები]. ხომ აშკარად ჩანდა, რომ სპეცსამსახურები იყვნენ ჩართული და იქიდან გამოჟონა. ჩვენ არ ვიცით, ეს რა ნაწილი იყო, რომელიც გამოქვეყნდა, ალბათ კიდევ ბევრად მეტი ნაწილი არსებობს. რა შეიცვალა ამის შემდეგ, დასაჯეს ვინმე? მიიღეს ახალი კანონი, რომელმაც ეს უმსგავსობა შეზღუდა? შესაბამისად, როდესაც ადამიანი ამას ლაპარაკობს [მეუფე ილარიონი, რომელიც ხელისუფლებას უკანონო თვალთვალის შეწყვეტისკენ მოუწოდებს და წარსულში გავრცელებული ჩანაწერის შესახებ გამოძიებას სთხოვს], ერთი მხრივ, ლოგიკურად ვარაუდობ, რომ ეს ყველაფერი ისევ გრძელდება და მეორე მხრივ, გიჩნდება ეჭვი, რომ ეს ყველაფერი ტყუილად არ გროვდება და ამის უკან ხომ რაღაც მიზნები დგას.

როდესაც ჩვენ თავის დროზე ამ პრობლემაზე ვსაუბრობდით, ვამბობდით, რომ ეს არის იმ კატეგორიის პრობლემა, რომელსაც შეუძლია შიგნიდან მთელი საზოგადოება ააფეთქოს. ვხედავთ, რა მოაქვს ამ მანკიერ პრაქტიკას. მიტროპოლიტი რომ არ არის რიგითი ადამიანი ან დისკრედიტირებული პოლიტიკოსი, აქ საუბარია სხვა რანგის საკითხებზე, სხვა რანგის ადამიანებზე, რომლებსაც ასე მარტივად არ გამოუვარდებათ სიტყვები, ისინი ბევრად უფრო დაფიქრებულები არიან თავისი მოღვაწეობიდან გამომდინარე.

რას დავობს მიტროპოლიტი იობი, როდესაც ამბობს, რომ ხდება აღრევა და, ფაქტობრივად, იძახის, რომ ზღვარი ქრება, ეს კი იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლები იმდაგვარად ცდილობენ ჩაერიონ ეკლესიის საქმიანობაში, რომ ეს ზღვარი გაქრეს. ფაქტობრივად, უნდათ, რომ დაიქვემდებარონ [ეკლესია], ასე შეიძლება აღვიქვათ, ყოველ შემთხვევაში, ის სიტყვები, რაც ითქვა, მე ასე აღვიქვი.

ამ ყველაფერზე კი ისეთ რეაქციას ვხედავთ, ეს არის პარადოქსი. როცა ასეთი ტიპის შეფასება ისმის, როცა პოლიტიკოსი ხარ, განსხვავებული შეფასება უნდა გააკეთო. სამწუხაროდ, არსებული ძალა, რომელიც დღეს ქვეყანას მართავს, მისთვის ნებისმიერი კრიტიკა, ნებისმიერი განსხვავებული აზრი აღქმულია, როგორც მტრული მოქმედება”, - განაცხადა ლაშა ტუღუშმა.