ძმები ფეიქრიშვილები, ასევე ავთანდილ ბილანიშვილი და ვატო ყიფიანი გლდანის მე-8 დაწესებულებიდან სხვადასხვა ციხეებში გადაიყვანეს - Palitra News

ძმები ფეიქრიშვილები, ასევე ავთანდილ ბილანიშვილი და ვატო ყიფიანი გლდანის მე-8 დაწესებულებიდან სხვადასხვა ციხეებში გადაიყვანეს

2026-11-13 14:53:21+04:00

კრიმინალურ ავტორიტეტებთან დაკავშირებული ძმები ფეიქრიშვილები, ასევე ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები, მათ შორის, ავთანდილ ბილანიშვილი, იგივე „კაწრო“ და ვატო ყიფიანი გლდანის მე-8 დაწესებულებიდან სხვადასხვა ციხეებში გადაიყვანეს.

დავით და გიორგი ფეიქრიშვილები გლდანის მე-8 დაწესებულების სხვა ნაწილში, ყოფილ ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს. რაც შეეხებათ ვატო ყიფიანსა და ავთანდილ ბილანიშვილს, ისინი ამ დროისთვის ქსნის მე-10 დაწესებულებაში არიან მოთავსებული.

აღნიშნული გადანაწილება სავარაუდოდ, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე მოხდა.

ინფორმაციისთვის, პროკურატურამ პენიტენციური დაწესებულების საკანში, დავით ფეიქრიშვილზე განხორციელებული ძალადობის ფაქტზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს - გიორგი პატარიძეს, ამავე სამსახურის №8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს - რამაზ ფირცხალავას და №8 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულ პატიმრებს, ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს: ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, პავლე გოცირიძეს და დავით კაჭარავას ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციით, 2026 წლის 16 ოქტომბერს ერთი და იმავე სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებული ბრალდებულები - ვატო ყიფიანი, შოთა ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი ვატო ყიფიანის თხოვნის საფუძველზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის გიორგი პატარიძის მითითებით და №8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორის - რამაზ ფირცხალავას გადაწყვეტილებით ამავე დაწესებულებაში განთავსებული ბრალდებული დავით კაჭარავა და მსჯავრდებული პავლე გოცირიძე, დავით ფეიქრიშვილის საკანში შეასახლეს, რის შემდეგაც ისინი, 2026 წლის 20 ოქტომბრამდე დავით ფეიქრიშვილის წინააღმდეგ ჯგუფურ ძალადობას ახორციელებდნენ. ძალადობის შედეგად დავით ფეიქრიშვილმა სხეულზე მრავლობითი დაზიანებები, მათ შორის 4 ნეკნის, ხერხემლის მალების განივი მორჩების მოტეხილობა და თავის ტვინის შერყევა მიიღო.

პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალურ დირექტორს - გიორგი პატარიძეს, ბრალდება, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, ხოლო №8 დაწესებულების ყოფილ დირექტორს - რამაზ ფირცხალავას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე წარედგინათ. აღნიშნული დანაშაულები, სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რაც შეეხება ვატო ყიფიანს, შოთა ყიფიანს, ავთანდილ ბილანიშვილს, პავლე გოცირიძეს და დავით კაჭარავას, მათ ბრალდება დავით ფეიქრიშვილის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.