„ნაციონალური მოძრაობის“ დროს, უმძიმესი სიტუაცია იყო სასამართლოში, პროკურატურაში. ჩემი შეფასებით, არანაკლებია ახლა. თქვენც პროკურატურაში იყავით, ბატონო ვასილ. მაშინ, გამოდის, რომ ეს ადამიანები თქვენს მოღვაწეობასაც უსვამენ კითხვის ნიშანს, იმიტომ, რომ თქვენ მაშინაც იყავით და ახლაც ხართ [მართლმსაჯულების სისტემაში], - ასე მიმართა „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენელმა, ლევან სამუშიამ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს, ვასილ როინიშვილს.
მანამდე პლენუმის მხრიდან კითხვა დაისვა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს მომხდარ დანაშაულებზე. ლევან სამუშიას თქმით, „ნაციონალური მოძრობის“ დროს მომხდარი დანაშაულებრივი შემთხვევები, ცალსახად, ყველა უმძიმესია, რაც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ შეაფასა. მისი თქმით, გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით თავად „ნაციონალური მოძრაობაც“ საუბრობდა.
„შეფასებულია ჯაჭვი - აღმასრულებელი ხელისუფლება, საკანონმდებლო ხელისუფლება და სასამართლო ხელისუფლება. თუ გაინტერესებთ, მე მაშინ ვაპროტესტებდი, დავით უსუფაშვილიც. მაშინ არ არსებობდა პარტია, მაგრამ ინდივიდუალურად ვაპროტესტებდით ადამიანის უფლებათა დარღვევებს, რაც ხდებოდა.
მე ვსაუბრობ, რომ უმძიმესი სიტუაცია იყო სასამართლოში, უმძიმესი სიტუაცია იყო პროკურატურაში, ძალიან, მაგრამ ჩემი შეფასებით, არანაკლებია ახლა. ამას ახლა თქვენ ვერ გასცემთ პასუხს, მაგრამ თქვენც პროკურატურაში იყავით, ბატონო ვასილ [როინიშვილი]. ნახეთ, რა ხდება? მაშინ, გამოდის, თქვენს მოღვაწეობასაც უსვამენ ეს ადამიანები კითხვის ნიშანს იმიტომ, რომ თქვენ მაშინაც იყავით და ახლაც ხართ. მე თქვენ პირადად არ გეხებით“, - განაცხადა ლევან სამუშიამ.
მოპასუხე მხარის ამ განცხადებას, მოსამართლე ვასილ როინიშვილმა ასე უპასუხა:
„ამაზე, ახლა, ვერ გაგცემთ პასუხს“, -აღნიშნა როინიშვილმა.