საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიამ საქართველოში შეხვედრები დაასრულა და ქვეყნის ბოლოდროინდელი ეკონომიკური და ფინანსური ვითარების და რეფორმების პრიორიტეტების მიღწევის პროგრესი შეაფასა.
როგორც bpn.ge წერს, ფონდის მიერ გავრცელებულ შემაჯამებელ განცხადებაში მიმოხილულია გეოპოლიტიკური გაურკვევლობისა და საქართველოს ეკონომიკაზე გავლენის სფეროები.
ამ ნაწილში აღნიშნულია, რომ შიდა პოლიტიკური დაძაბულობის ზრდამ და ევროკავშირთან ურთიერთობების დაძაბვამ შესაძლოა, ინვესტორების განწყობაზე უარყოფითად იმოქმედოს.
„ეკონომიკის პერსპექტივის გარშემო მაღალი გაურკვევლობა ნარჩუნდება. ახლო აღმოსავლეთში ომის განახლებულმა ესკალაციამ შესაძლოა, ენერგომატარებლების და სურსათის ფასები გაზარდოს და ტურიზმი შეაფერხოს.
შიდა პოლიტიკური დაძაბულობის ზრდამ და ევროკავშირთან ურთიერთობების დაძაბვამ შესაძლოა, ინვესტორების განწყობაზე უარყოფითად იმოქმედოს.
უკრაინაში ომის დასრულებამ შესაძლოა, განამტკიცოს რეგიონული სტაბილურობა, ნდობა და სავაჭრო პერსპექტივები, თუმცა, ამავდროულად, შესაძლოა, უკუმიმართულება მისცეს მიგრაციულ და ფინანსურ ნაკადებს, რომლებმაც ხელი შეუწყო ეკონომიკის ზრდას ბოლო წლების განმავლობაში.
მეორეს მხრივ, ინვესტიციების გააქტიურებამ - მათ შორის, უძრავი ქონების მსხვილი პროექტების ფარგლებში, შესაძლოა, მეტად წაახალისოს ეკონომიკური აქტივობა. ფისკალური პოლიტიკა კვლავაც გონივრულად იმართება. 2026 წელს ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ს 1½ პროცენტის დონეზე იქნება, სახელმწიფო ვალი მშპ-ს 33 პროცენტამდე დაიკლებს.
ბიუჯეტით გათვალისწინებულზე დაბალი დეფიციტი განპირობებულია შემოსავლების მაღალი მაჩვენებლებითა და კაპიტალური ხარჯების ათვისების დაგვიანებით, ისევე როგორც 2025 წელს, რითაც სახელმწიფო ინვესტიციების განხორციელება გვიანდება.
2027 წლის ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს დეფიციტს მშპ-ს 2,5%-ის ოდენობით და გულისხმობს სოციალური ხარჯების, საჯარო სექტორის ხელფასების და კაპიტალური ინვესტიციების ზრდას“, - აღნიშნულია IMF-ის მისიის განცხადებაში.
ამასთან, როგორც მისიის განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოში დასაქმების დონე, მსგავს ქვეყნებთან შედარებით, კვლავ დაბალია.
მისიის განცხადებითვე, პროფესიული განათლებისა და დასაქმების სერვისების გაუმჯობესება, უკეთეს სამუშაო ადგილებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის.
„ბოლო პერიოდის ძლიერ ზრდას თან ახლდა შრომის ბაზრის მაჩვენებლების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, თუმცა დასაქმების დონე, მსგავს ქვეყნებთან შედარებით, კვლავ დაბალია, ხოლო ბევრ დასაქმებულს ჯერ კიდევ არ მიუღია სარგებელი უფრო პროდუქტიულ საქმიანობაში ჩართვით.
უნარების შეუსაბამობის შემცირება, პროფესიული განათლებისა და დასაქმების სერვისების გაუმჯობესება, უკეთეს სამუშაო ადგილებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის.
ზოგადად, რეფორმები, რომლებიც მიმართულია პროდუქტიულობის ამაღლების, ადამიანური კაპიტალის განვითარებისა და კერძო სექტორში პროდუქტიული ინვესტიციების წახალისებისკენ, ხელს შეუწყობს მეტად ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას“, - აღნიშნულია მისიის განცხადებაში.
ამასთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიის განცხადებით, „მნიშვნელოვანი პროგრესის მიუხედავად, დოლარიზაცია კვლავაც ფინანსური მოწყვლადობის მნიშვნელოვან წყაროდ რჩება“.
ფონდი აფასებს იპოთეკური სესხების დინამიკასაც და აცხადებს, რომ უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების, მათ შორის იპოთეკური სესხების ბოლოდროინდელი ზრდა ყურადღებას საჭიროებს.
„საფინანსო სექტორი ჯანსაღია, ბანკების კაპიტალიზაცია, მომგებიანობა, ლიკვიდურობა მაღალია, ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდება.
მნიშვნელოვანი პროგრესის მიუხედავად, დოლარიზაცია კვლავაც ფინანსური მოწყვლადობის მნიშვნელოვან წყაროდ რჩება.
ამასთან, უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების, მათ შორის იპოთეკური სესხების ბოლოდროინდელი ზრდა ყურადღებას საჭიროებს“, - აღნიშნულია სავალუტო ფონდის მისიის განცხადებაში.
შეგახსენებთ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოში 9-13 ნოემბრის პერიოდში იმყოფებოდა.
სსფ-ს მისია შეხვდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტ ნათია თურნავას, ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილს, ვიცეპრემიერს და ეკონომიკის მინისტრ მარიამ ქვრივიშვილს და სხვა მაღალი რანგის ოფიციალურ პირებს, კერძო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოების და განვითარების პარტნიორების წარმომადგენლებს.
2026 წლის IV მუხლის კონსულტაცია დაგეგმილია 2027 წლის აპრილში.