რუსეთმა აბუ-დაბიში გამართული მოლაპარაკებების დროს ნატო-ს პოზიციების 1997 წლის საზღვრებში დაბრუნება მოითხოვა, - ინფორმაციას გამოცემა The New York Times-ი ავრცელებს.
გამოცემა The New York Times-მა დოკუმენტი მოიპოვა, რომელიც რუსეთის დელეგაციის წევრებმა მიმდინარე კვირაში აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებს დახურულ კარს მიღმა გამართულ შეხვედრაზე გადასცეს.
NYT-ი დოკუმენტზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პოზიცია უცვლელია და კვლავ მოითხოვს, რომ ნატო-მ მისი სამხედრო ბაზები და სამხედრო აქტივობა 1997 წლის საზღვრებში დააბრუნოს.
რუსეთი დოკუმენტში მოითხოვს, რომ ნატო-მ თავისი ძალები აღმოსავლეთ ფლანგიდან, კერძოდ, პოლონეთიდან და ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, გაიყვანოს.
როგორც გამოცემა წერს, დოკუმენტი რუსეთის 2021 წლის დეკემბრის მოთხოვნებს იმეორებს, რომ ნატო-ს ქვეყნებმა უარი უნდა თქვან ალიანსის შემდგომ გაფართოებაზე, ასევე „ნებისმიერი სახის სამხედრო აქტივობაზე“ უკრაინასა და „აღმოსავლეთ ევროპის, სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის“ ქვეყნებში.
ამასთან, გამოცემის წყაროების თქმით, რუსეთის დელეგაციის წევრებმა მოლაპარაკებების დროს მიანიშნეს, რომ პუტინი მზად არის გარკვეული მოქნილობა გამოიჩინოს.
გამოცემის ინფორმაციით, აბუ-დაბიში მოლაპარაკებების დროს რუსეთის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კრემლი უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ევროპის მოწყობის მოდელად ცივ ომსა და ვარშავის პაქტის ალიანსს მიიჩნევს.
რუსეთის წარმომადგენლების მტკიცებით, აშშ-სა და საბჭოთა კავშირის მაშინდელი გავლენის სფეროები ევროპის კონტინენტზე კონფლიქტების წარმოქმნის რისკებს ამცირებდა.