საქართველოსა და ჩინეთს შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის ახალი შეთანხმება გაფორმდა. დოკუმენტს პეკინში, ჩინური ენის მსოფლიო კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ და ჩინელმა კოლეგამ ჰუაი ძინპენმა მოაწერეს ხელი. შეთანხმება განათლების სისტემის ყველა საფეხურს მოიცავს. როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, დოკუმენტი ქვეყნებს შორის აკადემიური და ინსტიტუციური კავშირების გაღრმავებას, გამოცდილების გაზიარებასა და ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას შეუწყობს ხელს. მინისტრის შეფასებით, შეთანხმება თანამშრომლობის ახალი მიმართულებების განვითარებისთვის მყარ საფუძველს შექმნის.