ამ კითხვასთან დაკავშირებით პოზიციას არ აფიქსირებენ. ბრალდებას ეთანხმებიან, თუ არ ეთანხმებიან, მათი პოზიცია ამ ეტაპზე გამოხატული არ არის,- ამის შესახებ დავით ფეიქრიშვილის
მიმართ ციხის საკანში განხორციელებული ძალადობის საქმეზე ბრალდებულების, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყოფილ გენერალური დირექტორის, გიორგი პატარიძისა და გლდანის მე-8 დაწესებულების ყოფილი დირექტორის, რამაზ ფირცხალავას ადვოკატმა ირმა ბრელიძემ განაცხადა.
კითხვაზე, თუ რა პოზიცია აქვთ მათ ბრალდების ვერსიასთან, რომლის მიხედვითაც ვატო ყიფიანის თხოვნა რამაზ ფირცხალავამ გიორგი პატარიძესთან შეათანხმა საკანში ერთად შესახლებასთან დაკავშირებით, ადვოკატი კონკრეტულ პასუხს არ სცემს. ამასთან, ადვოკატი ამბობს, რომ მსჯავრდებულისა და ბრალდებულის ერთ საკანში შესახლება ახალი არ არის და ეს გადატვირთულობის გამო ხდება.
„ვერაფერს გეტყვით ამასთან დაკავშირებით, ვინაიდან ბრალდების მხარემ დაცვის მხარე გაუთქმელობასთან დაკავშირებით გააფრთხილა და ეს ჩემზე კარგად მოგეხსენებათ, რა პასუხისმგებლობაც არის. საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, განმარტებას ვერ გავაკეთებ.
ბრალდება ეფუძნება იმ გარემოებას, რომ ერთ საკანში იყო მოთავსებული მსჯავრდებული და ბრალდებული, ამასთან დაკავშირებით პოზიცია დავაფიქსირე, რომ ეს ახალი და განსაკუთრებული გადაწყვეტილება არ არის ადმინისტრაციის მხრიდან, ეს არის გამოუვალი მდგომარეობიდან გამოსავალი. ეს გამოუვალი მდგომარეობა და სისტემური გამოწვევა გადატვირთულობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველმა თავის ანგარიშში ძალიან მკვეთრად დააფიქსირა, რომ ამის გამო ვერ ხერხდება მსჯავრდებულების და ბრალდებულების განცალკევებაო",- განაცხადა ბრელიძემ.
კითხვაზე, რამაზ ფირცხალავას პასუხისმგებლობის ქვეშ მყოფმა პატიმარმა, დავით ფეიქრიშვილმა თუ სად მიიღო დაზიანებები, რომელიც სამედიცინო დოკუმენტაციაშია აღწერილი, ადვოკატი პასუხს არ სცემს.
„ამ კითხვაზე რომ გიპასუხოთ, საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები უნდა შევაფასო. თუკი, გაუთქმელობა მოგვეხსნება, კომენტარს გავაკეთებთ",- განაცხადა ბრელიძემ.