„ქართული ოცნების” რეჟიმი სულ უფრო და უფრო ამკრძალავი და რეპრესიული ხდება პოლიტიკური ოპოზიციის მიმართ, - ამის შესახებ ALDE პარტიის პრეზიდენტმა, სვენია ჰანმა განაცხადა.
„უკიდურესად შეშფოთებულები ვართ ALDE პარტიაში საქართველოში პოლიტიკურ მოვლენებზე. “ქართული ოცნების” რეჟიმი სულ უფრო და უფრო ამკრძალავი და რეპრესიული ხდება პოლიტიკური ოპოზიციის მიმართ. ძალიან შეშფოთებულები ვართ პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე და პოლიტიკური ლიდერების მოპყრობაზე.
ეს უსამართლოა და ევროკავშირს მოვუწოდებთ, რომ უფრო გამბედავად იმოქმედონ - “ქართული ოცნების” რეჟიმის პასუხისმგებელი ლიდერების მიზნობრივი სანქციები, აქტივების გაყინვა, მაგრამ ასევე სავიზო შეზღუდვები.
საბოლოო ჯამში, თუ საქართველოს სურს მის პროევროპულ გზაზე სვლის გაგრძელება, ეს მხოლოდ ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებითაა შესაძლებელი, სადაც ოპოზიციურ პარტიებს შეუძლიათ მონაწილეობა. ვინაიდან საქართველოს მომავალი პროევროპული უნდა იყოს, მაგრამ პროევროპული დემოკრატიის ფუნქციონირებისთვის თავისუფლებაა საჭირო, რომ პოლიტიკურ პარტიებს საქმიანობა და ხალხთან საუბარი შეეძლოთ.
ასე რომ, ვაგრძელებთ ჩვენი შეშფოთებების გაზიარებას რეჟიმზე და ვაგრძელებთ საქართველოში ლიბერალურ პარტიებთან სოლიდარობას,” - განაცხადა ჰანმა.