ნელსონ მანდელა: 27 წელი საკანში და ერის შერიგება
1990 წლის 11 თებერვალი. სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ვიქტორ ვერსტერის ციხის ჭიშკარი.
ათასობით ადამიანის შეძახილი და კამერების ჩხაკუნი ისმის. ჭიშკარი ნელა იღება და 71 წლის მაღალი, გამხდარი მამაკაცი გამოდის. მუქი კოსტიუმი აცვია. ერთ ხელს მეუღლეს ჰკიდებს, მარჯვენას მაღლა აღმართავს და შეკრულ მუშტს, წინააღმდეგობის სიმბოლოს ხალხს აჩვენებს...
მსოფლიომ ეს კაცი 27 წლის მანძილზე პირველად იხილა!
27 წელი, 9 857 დღე ის გარესამყაროსთვის ფაქტობრივად არ არსებობდა. ნელსონ მანდელას ფოტოების, მისი სიტყვების გამოქვეყნების უფლება არავის ჰქონდა. ის იყო უბრალოდ პატიმარი ნომრით - 466/64. კაცი, რომელსაც დასავლური სამყარო, მათ შორის ვაშინგტონი და ლონდონი, ათწლეულების განმავლობაში ოფიციალურად „საშიშ ტერორისტად“ მოიხსენიებდა.
ციხიდან გამოსულმა ექვსი კვადრატული მეტრის ფართობის საკანი დატოვა, სადაც ოთხად მოკეცილს ეძინა; ეზო, სადაც წლობით კირქვის კარიერში თვალების დათხრამდე უწევდა მძიმე ფიზიკური შრომა, და რეჟიმი - აპარტეიდი, რომელმაც მისი ხალხი საკუთარ მიწაზე მონებად აქცია.
ყველა ელოდა, რომ 27-წლიანი ჯოჯოხეთიდან გამოსული მამაკაცი შურისძიების ცეცხლს დაანთებდა. სამხრეთ აფრიკა გარდაუვალი, სისხლიანი სამოქალაქო ომისა და რასობრივი სასაკლაოს ზღვარზე იდგა. მაგრამ მან თქვა სიტყვები, რომლებმაც ისტორია შეცვალა:
„თუ გსურს მტერთან მშვიდობის დამყარება, მასთან ერთად უნდა იმუშაო. მაშინ ის შენი პარტნიორი გახდება!“
როგორ იქცა ტემბუს ტომის ბელადის შვილი იატაკქვეშა საბრძოლო ფრთის მეთაურად? რატომ მიუსაჯეს მას სამუდამო პატიმრობა, რატომ სძულდათ დასავლეთის კაბინეტებში და როგორ შეძლო ადამიანმა, რომელმაც ახალგაზრდობა ციხის საკანში გაატარა, საკუთარი სიძულვილის დამარცხება და მთელი ერის გადარჩენა?
***
1918 წლის 18 ივლისს, ტრანსკეის პატარა სოფელ მვეზოში, ტემბუს სამეფო დინასტიის შტოში დაიბადა ბიჭი, რომელსაც მამამ როლიჰლაჰლა დაარქვა. კოსას ენაზე ეს პირდაპირი მნიშვნელობით „ხის ტოტის ქაჩვას“ ნიშნავს, თუმცა გადატანითი მნიშვნელობით - „შფოთისთავებს“ ან „კაცს, რომელსაც პრობლემები მოაქვს“.
სახელი „ნელსონი“ მას მოგვიანებით, სამრევლო სკოლის მასწავლებელმა შეარქვა, რადგან იმ ეპოქაში ბრიტანული კოლონიური წესით ყველა აფრიკელ ბავშვს „ქრისტიანული, ინგლისური სახელი“ უნდა ჰქონოდა.
მამის გარდაცვალების შემდეგ 9 წლის ნელსონზე ზრუნვა ტემბუს ტომის მმართველმა იონგინტაბამ იკისრა. მას ტომის მომავალ მრჩევლად ამზადებდნენ. თუმცა, როდესაც შეთანხმებით ქორწინება მოსთხოვეს, 23 წლის ნელსონი იოჰანესბურგში გაიქცა.
***
იოჰანესბურგში ნელსონ მანდელამ თვალი გაუსწორა სასტიკ რეალობას - აპარტეიდის სისტემას. 1948 წელს სათავეში მოსულმა „ეროვნულმა პარტიამ“ რასობრივი სეგრეგაცია კანონად აქცია. შავკანიანებს ჩამოერთვათ მოქალაქეობა, მიწები, გადაადგილების უფლება. ეგრეთ წოდებულ „ბანტუსტანებში“ - რეზერვაციებში დაასახლეს.
მანდელამ დაამთავრა ვიტვატერსრანდის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, გახდა აფრიკის ეროვნული კონგრესის (ANC) ახალგაზრდული ლიგის ორგანიზატორი და თავის მეგობარ ოლივერ ტამბოსთან ერთად გახსნა ქვეყანაში პირველი შავკანიანთა საადვოკატო ბიურო - Mandela and Tambo.
თავდაპირველად მანდელა მაჰათმა განდის მშვიდობიანი დაუმორჩილებლობის იდეებს იზიარებდა. თუმცა 1960 წლის 21 მარტს გარდამტეხი მოვლენა მოხდა: შარპვილის ტრაგედია.
პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა მშვიდობიან დემონსტრაციას, რომლებიც „პასპორტების კანონს“ აპროტესტებდნენ. მოკლედ 69 უიარაღო ადამიანი, მათ შორის 10 ბავშვი; 180-ზე მეტი დაიჭრა - უმეტესობას ტყვია ზურგში ჰქონდა მოხვედრილი.
მანდელამ გააცნობიერა, რომ უიარაღო ხალხის მშვიდობიანი პროტესტი კბილებამდე შეიარაღებული ტირანიის წინააღმდეგ თვითმკვლელობა იყო.
მან თქვა: „როდესაც პასუხად მხოლოდ სასტიკ ძალადობას იღებ, მშვიდობიანი პროტესტის ტაქტიკა უსარგებლო ხდება. ჩემთვის არაძალადობა არ ყოფილა აბსოლუტური მორალური პრინციპი, ეს იყო ტაქტიკა. როდესაც ტაქტიკა აღარ მუშაობს, ის უნდა შეცვალო.“
მანდელამ დააარსა აფრიკის ეროვნული კონგრესის საბრძოლო ფრთა - Umkhonto we Sizwe („ერის ერი)“. გადაინაცვლა იატაკქვეშეთში, მოგზაურობდა აფრიკისა და ევროპის ქვეყნებში, სწავლობდა პარტიზანული ომის ტაქტიკას ალჟირში, იღებდა სამხედრო დაფინანსებას.
ბრიტანული პრესა მას „შავ პიმპერნელს“ ეძახდა, რადგან ოსტატურად იცვლიდა გარეგნობას - ხან მძღოლის სახელით გადადიოდა საზღვრებზე, ხან მზარეულის - პოლიცია მას თვეების განმავლობაში ვერ იჭერდა.
***
1962 წლის 5 აგვისტოს, 17-თვიანი ძებნის შემდეგ, მანდელა ჰოვედალთან დააკავეს.
წლების შემდეგ გასაჯაროებული დოკუმენტებით დადასტურდა, რომ მისი ადგილსამყოფელის შესახებ სამხრეთ აფრიკის პოლიციას ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ CIA-მ შეატყობინა. ცივი ომის ეპოქაში ვაშინგტონი აპარტეიდის რეჟიმს მიიჩნევდა საიმედო ანტიკომუნისტურ ბასტიონად აფრიკაში, ხოლო მანდელასა და მისი მოძრაობის კავშირს საბჭოთა კავშირთან და კომუნისტურ პარტიასთან - პირდაპირ საფრთხედ.
1963-1964 წლებში გაიმართა ისტორიული „რივონიის პროცესი“. მანდელას და მის 10 თანამებრძოლს ბრალი ედებოდათ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში, დივერსიასა და ტერორიზმში. მათ ემუქრებოდათ ჩამოხრჩობა.
1964 წლის 20 აპრილს, საბრალდებო სკამზე მდგარმა 45 წლის ნელსონ მანდელამ წარმოთქვა 3-საათიანი სიტყვა, რომელიც პოლიტიკური ორატორობის შედევრად იქცა. მან უარი თქვა ადვოკატების რჩევაზე, რომ თავი დაეხარა, და პირდაპირ განაცხადა, რომ დივერსიული აქტები აუცილებელი პასუხი იყო სახელმწიფო ტერორზე.
მან გამოსვლა შემდეგი სიტყვებით დაასრულა:
„მთელი ჩემი ცხოვრება მივუძღვენი აფრიკელი ხალხის ამ ბრძოლას. ვიბრძოდი თეთრკანიანთა დომინირების წინააღმდეგ და ვიბრძოდი შავკანიანთა დომინირების წინააღმდეგ. მე ვოცნებობდი დემოკრატიულ და თავისუფალ საზოგადოებაზე, სადაც ყველა ადამიანი იცხოვრებს ჰარმონიაში და თანაბარი შესაძლებლობებით. ეს არის იდეალი, რომლისთვისაც ვცოცხლობ და რომლის მიღწევასაც ვიმედოვნებ. მაგრამ თუ საჭირო გახდა, ეს არის იდეალი, რომლისთვისაც მზად ვარ მოვკვდე!“
მოსამართლემ თავი შეიკავა სიკვდილით დასჯის განაჩენის გამოტანისგან, რადგან საერთაშორისო რეზონანსის ეშინოდა, ამიტომ, ნელსონ მანდელას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.
***
ნელსონ მანდელა გადაიყვანეს რობენ-აილენდზე - ატლანტის ოკეანეში მდებარე კუნძულ-ციხეში, ქეიფთაუნიდან 12 კილომეტრში.
აქ დაიწყო მისი 18-წლიანი პატიმრობა. საკანი სულ რაღაც ორი კვადრატული მეტრისა იყო. მას ეძინა თხელ საგებელზე, ცემენტის იატაკზე. მაგიდის ნაცვლად ჰქონდა ხის ყუთი, ხოლო ტუალეტის ნაცვლად - პლასტმასის სათლი.
ყოველ დილით, 5 საათზე, პატიმრები მიჰყავდათ კირქვის კარიერში. თეთრი კირქვისგან არეკლილმა მზის სხივებმა მანდელას მხედველობა სამუდამოდ დაუზიანა - მას ცრემლსადენი ჯირკვლები დაუზიანდა, რის გამოც აღარ შეეძლო ტირილი. კარიერში მუშაობისას აკრძალული ჰქონდა მზის სათვალის ტარება.
ფოსტა და ვიზიტები მკაცრად კონტროლდებოდა. მანდელას უფლება ჰქონდა მიეღო წელიწადში მხოლოდ ერთი წერილი და ერთი 30-წუთიანი ვიზიტით ესარგებლა. ციხის ცენზურა შავი მარკერით ხაზავდა წერილებიდან თითქმის ყველა სიტყვას.
როდესაც 1968 წელს დედამისი გარდაიცვალა, ხოლო 1969 წელს მისი უფროსი ვაჟი, მადება თემბეკილე, 25 წლის ასაკში ავტოკატასტროფაში დაიღუპა, ციხის ადმინისტრაციამ მანდელას დაკრძალვაზე დასწრების უფლება არ მისცა. მანდელა საკანში ჩაიკეტა და ღამეებს მდუმარებაში ატარებდა.
მაგრამ მანდელამ ციხე უნივერსიტეტად აქცია.
მან პატიმრებს შორის დააფუძნა ფარული საგანმანათლებლო სისტემა, რომელსაც „რობენ-აილენდის უნივერსიტეტს“ ეძახდნენ. უმცროსი ასაკის პატიმრებს ასწავლიდა ისტორიას, პოლიტიკასა და სამართალს.
რაც ყველაზე მთავარია: მან დაიწყო აფრიკაანსის - თეთრკანიანი მმართველების ენის სწავლა! კითხულობდა ბურების ისტორიას, სწავლობდა მათ კულტურასა და ფსიქოლოგიას. როდესაც გაოცებულმა თანამებრძოლებმა ჰკითხეს, რატომ სწავლობდა მტრის ენას, მანდელამ უპასუხა: „თუ ადამიანს ელაპარაკები ენაზე, რომელიც მას ესმის, სიტყვები მიდის მის გონებამდე. მაგრამ თუ ელაპარაკები მის მშობლიურ ენაზე, სიტყვები მიდის პირდაპირ მის გულამდე.“
მანდელამ ისწავლა ციხის გუშაგებთან ლაპარაკი. მან პატივისცემითა და ღირსებით აიძულა ციხის ზედამხედველები, მასში დაენახათ არა პატიმარი, არამედ ლიდერი.
***
1980-იან წლებში სამხრეთ აფრიკა ცეცხლში გაეხვა. შავკანიანთა ტაუნშიპებში დაიწყო მასობრივი აჯანყებები. აპარტეიდის რეჟიმი პოლიციური ტერორით, მკვლელობებითა და საგანგებო მდგომარეობით პასუხობდა.
მსოფლიოში დაიწყო გლობალური მოძრაობა - თავისუფალი ნელსონ მანდელა!
არტისტებმა, მუსიკოსებმა და სტუდენტებმა მთელ მსოფლიოში წამოიწყეს პროტესტი. 1988 წელს ლონდონის „უემბლის“ სტადიონზე ჩატარდა გრანდიოზული კონცერტი მანდელას 70 წლისთავთან დაკავშირებით, რომელსაც 67 ქვეყანაში 600 მილიონზე მეტი ადამიანი უყურებდა.
თუმცა, ოფიციალური დასავლური პოლიტიკური ელიტა დიდხანს ინარჩუნებდა სკეპტიციზმს.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა მარგარეტ ტეტჩერმა 1987 წელს საჯაროდ განაცხადა: „აფრიკის ეროვნული კონგრესი არის ტიპური ტერორისტული ორგანიზაცია... ვინც ფიქრობს, რომ აფრიკის ეროვნული კონგრესი ოდესმე მართავს სამხრეთ აფრიკას, ღრუბლებში დაფრინავს.“
აშშ-ის პრეზიდენტის, რიჩარდ რეიგანის ადმინისტრაციამ მანდელა და მისი პარტია „საერთაშორისო ტერორისტულ სიასა“ და უსაფრთხოების საფრთხეების ნუსხაში შეიყვანა. აშშ-ის ტერორისტული სიიდან ნელსონ მანდელას სახელი ოფიციალურად მხოლოდ 2008 წელს ამოიღეს - მაშინ, როდესაც ის უკვე 90 წლის იყო და პრეზიდენტობის ვადა დიდი ხნის დასრულებული ჰქონდა!
თუმცა, აპარტეიდის რეჟიმმა გააცნობიერა, რომ სანქციების, ეკონომიკური იზოლაციისა და შიდა აჯანყებების ფონზე ქვეყანა კოლაფსისკენ მიდიოდა.
1985 წელს პრეზიდენტმა პიტერ ბოთამ მანდელას ციხიდან გათავისუფლება შესთავაზა ერთი პირობით: თუ ის საჯაროდ უარს იტყოდა შეიარაღებულ ბრძოლაზე.
მანდელამ ციხიდან გამოაგზავნა ისტორიული პასუხი, რომელიც მისმა ქალიშვილმა, ზინძიმ, სტადიონზე შეკრებილ ათასობით ადამიანს წაუკითხა:
„რა თავისუფლება შემომთავაზეს, როდესაც ხალხის ორგანიზაცია აკრძალულია? მხოლოდ თავისუფალ ადამიანებს შეუძლიათ მოლაპარაკება. პატიმარს არ შეუძლია ხელშეკრულებების დადება!“
***
1989 წელს სამხრეთ აფრიკის ახალი პრეზიდენტი ფრედერიკ ვილემ დე კლერკი გახდა . მან გააცნობიერა, რომ ერთადერთი ალტერნატივა იყო სისხლიანი სამოქალაქო ომი, სადაც თეთრკანიანი უმცირესობა განადგურდებოდა.
დე კლერკმა დაიწყო საიდუმლო მოლაპარაკებები მანდელასთან. 1990 წლის 2 თებერვალს გამოაცხადა აფრიკის ეროვნული კონგრესის ლეგალიზაცია და ნელსონ მანდელას უპირობო გათავისუფლება.
***
გათავისუფლების შემდეგ მანდელას წინაშე იდგა ურთულესი ამოცანა.
ქვეყანაში მძვინვარებდა პოლიტიკური ძალადობა. მემარჯვენე თეთრკანიანი რადიკალები ემზადებოდნენ შეიარაღებული ამბოხისთვის, ხოლო შავკანიანთა ეთნიკურ ჯგუფებს,განსაკუთრებით ინკატას თავისუფლების პარტიასა და აფრიკის ეროვნულ კონგრესს შორის სისხლიანი შეტაკებები მიმდინარეობდა.
1993 წელს მემარჯვენე თეთრკანიანმა ფანატიკოსმა მოკლა მანდელას უახლოესი თანამებრძოლი - კრის ჰანი. ქვეყანა აფეთქების ზღვარზე იდგა. შავკანიანთა ახალგაზრდობა შურისძიებას მოითხოვდა.
მანდელა გამოვიდა ეროვნული ტელევიზიით და ერს მიმართა: მან აღნიშნა, რომ ჰანი მოკლა თეთრკანიანმა უცხოელმა, მაგრამ პოლიციას მისი მკვლელის ნომერი გადასცა თეთრკანიანმა აფრიკელმა ქალმა. ამით მან აჩვენა, რომ ბოროტებასა და სიკეთეს რასობრივი კუთვნილება არ გააჩნია. მან შეძლო ერის შეჩერება უფსკრულის პირას.
***
1993 წელს ნელსონ მანდელას და ფრედერიკ ვილემ დე კლერკს ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭათ.
1994 წლის 27 აპრილს სამხრეთ აფრიკაში ჩატარდა ისტორიაში პირველი დემოკრატიული, საყოველთაო არჩევნები. მილიონობით შავკანიანი ადამიანი ცხოვრებაში პირველად მივიდა საარჩევნო ყუთებთან.
ნელსონ მანდელა გახდა სამხრეთ აფრიკის პირველი შავკანიანი პრეზიდენტი.
მან შექმნა „სიმართლისა და შერიგების კომისია“ , რომელსაც სათავეში ეპისკოპოსი დესმონდ ტუტუ ჩაუდგა. ეს იყო მსოფლიო ისტორიაში უპრეცედენტო ექსპერიმენტი: ნაცვლად ნიურნბერგის მსგავსი სასამართლოებისა და შურისძიებისა, აპარტეიდის დროინდელ დამნაშავეებს ეძლეოდათ ამნისტია, თუ ისინი საჯაროდ აღიარებდნენ თავიანთ დანაშაულს და სიმართლეს იტყოდნენ.
მანდელამ იცოდა: სიმართლე განკურნავდა ერს, ხოლო შურისძიება მას მოკლავდა.
მისმა მოქმედებამ პიკს 1995 წელს მიაღწია , როდესაც სამხრეთ აფრიკამ უმასპინძლა რაგბის მსოფლიო თასს. რაგბი ტრადიციულად ითვლებოდა „თეთრკანიანთა, აპარტეიდის მომხრეთა სპორტად“. პრეზიდენტმა ბრწყინვალედ დაინახა რაგბის ძალა ქვეყნის გასაერთიანებლად. მან მხარი დაუჭირა ნაკრებს („ბოკეს“), რომელიც მანამდე შავკანიანი მოსახლეობისთვის აპარტეიდის სიმბოლოდ აღიქმებოდა, და ფინალზე თავად გამოცხადდა ნაკრების მწვანე მაისურით.
მთელი სტადიონი, ძირითადად თეთრკანიანი მაყურებელი ფეხზე წამოდგა და დაიყვირა: „ნელსონ! ნელსონ!“
სამხრეთ აფრიკამ ფინალში ახალი ზელანდია დაამარცხა. როდესაც ნაკრების თეთრკანიან კაპიტანს, ფრანსუა პიენაარს ჰკითხეს, რას ნიშნავდა სტადიონზე 62,000 გულშემატკივრის მხარდაჭერა, მან უპასუხა: „ჩვენ არ გვყავდა 62,000 გულშემატკივარი. ჩვენ გვყავდა 43 მილიონი სამხრეთაფრიკელი!“ ფრანსუა პიენაარის ეს გენიალური პასუხი გახდა იმის დასტური, რომ მოედანზე მხოლოდ 15 მოთამაშე კი არ იბრძოდა თეთრკანიანი უმცირესობისთვის, არამედ მთელი ქვეყანა - მიუხედავად კანის ფერისა - ერთი მიზნის გარშემო გაერთიანდა.
ეს იყო მომენტი, როდესაც დაიბადა „ცისარტყელას ერი“
***
1999 წელს, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, მანდელამ უარი თქვა მეორე ვადით კენჭისყრაზე , რაც იშვიათობაა აფრიკელი ლიდერებისთვის. მან მშვიდობიანად გადასცა ძალაუფლება მემკვიდრეს და წავიდა პოლიტიკიდან.
ნელსონ მანდელა გარდაიცვალა 2013 წლის 5 დეკემბერს, 95 წლის ასაკში.
მისი ცხოვრება არის უდიდესი გაკვეთილი კაცობრიობის ისტორიაში: ძალაუფლება არ მდგომარეობს მტრის განადგურებაში; ჭეშმარიტი ლიდერის ძალა იმით იზომება, შეუძლია თუ არა მას საკუთარი ბოროტების, ტკივილისა და სიძულვილის დამარცხება - ერის მომავლის გადასარჩენად.