ემი უაინჰაუსი - გოგონა, რომლის ხმაშიც ტკივილი ისმოდა
Amy Winehouse - Stronger Than Me (Official Music Video)
2003 წელს ბრიტანულ მუსიკალურ სამყაროში 19 წლის გოგონა გამოჩნდა, რომელმაც პირველივე სიმღერებით მიიპყრო მსმენელებისა და კრიტიკოსების ყურადღება. მას ეცვა უბრალო ჯინსი, ხელში გიტარა ეჭირა, ხოლო მისი ხმიდან ისეთი სიღრმე, სევდა და ჯაზური თავისუფლება იღვრებოდა, თითქოს სცენაზე 19 წლის გოგო კი არა, ძველი ჯაზისა და სოულის ეპოქის პროფესიონალი მომღერალი იდგა.
ამ გოგოს ემი უაინჰაუსი ერქვა.
ემი 1983 წლის 14 სექტემბერს, ლონდონში დაიბადა. ის მუსიკალურ ოჯახში იზრდებოდა. ემის მამა ჯაზს უსმენდა და მღეროდა, დედის ოჯახშიც რამდენიმე პროფესიონალი ჯაზ-მუსიკოსი იყო. ემი ბავშვობიდან სხვადასხვა მუსიკალურ ჟანრს უსმენდა: ჯაზს, სოულს, ჰიპ-ჰოპსა და ძველი გოგოების ჯგუფების სიმღერებს. სწორედ ამ მრავალფეროვანმა გავლენებმა შექმნა მისი განსაკუთრებული მუსიკალური ენა.
ემი უაინჰაუსის სადებიუტო ალბომი, სახელწოდებით „Frank“, 2003 წლის 20 ოქტომბერს გამოვიდა. ალბომმა მსმენელს თავიდანვე დაანახა, რომ სიმღერების ავტორი ჩვეულებრივი პოპ-მომღერალი არ იყო. ემის სიმღერები პირადი, გულწრფელი და ხშირად ირონიული ხასიათისა გახლდათ. ის წერდა ურთიერთობებზე, იმედგაცრუებაზე, საკუთარ შეცდომებსა და იმ განცდებზე, რომელთა დამალვას ბევრი ადამიანი ცდილობს.
ალბომის ერთ-ერთი მთავარი სიმღერა „Stronger Than Me“ იყო. სწორედ ამ სიმღერისთვის მიიღო ემიმ 2004 წელს პრესტიჟული ივორ ნოველოს ჯილდო.
„Frank“-მა მას მუსიკალური სამყაროს კარი გაუღო.