ირაკლი კობახიძის განცხადებით, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში მის სპეციალურ წარმომადგენელს გიორგი ზურაბაშვილსა და რუსეთის მხარის წარმომადგენელ მიხაილ გალუზინს შორის პირველი შეხვედრა, „სავარაუდოდ, ძალიან მალე იქნება“ - Palitra News

ირაკლი კობახიძის განცხადებით, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში მის სპეციალურ წარმომადგენელს გიორგი ზურაბაშვილსა და რუსეთის მხარის წარმომადგენელ მიხაილ გალუზინს შორის პირველი შეხვედრა, „სავარაუდოდ, ძალიან მალე იქნება“

2026-11-16 13:49:38+04:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, მის სპეციალურ წარმომადგენელს, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, გიორგი ზურაბაშვილსა და რუსეთის მხარის წარმომადგენელ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიხაილ გალუზინს შორის პირველი შეხვედრა, „სავარაუდოდ, ძალიან მალე იქნება“.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სად შედგება ორი მხარის წარმომადგენლის პირველი შეხვედრა, ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია გასაჯაროვდება.

„რაც შეეხება დიპლომატიურ ურთიერთობებს, ამაზე არაერთხელ გავაკეთეთ კომენტარი, ამ ურთიერთობების აღდგენას თავისი ბუნებრივი ბარიერი აქვს. ეს არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია და ორი ოკუპირებული რეგიონის ე.წ. სახელმწიფოთა ე.წ. აღიარება. შესაბამისად, აქ ჩვენი გადაწყვეტილება არ გადაიხედება, ვერ გადაიხედება.

რაც შეეხება ურთიერთობებს, ჩვენს სპეცწარმომადგენელსა და რუსეთის სპეცწარმომადგენელს შორის, მათ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს შორის, ეს ურთიერთობები აქტიურად გაგრძელდება. ყველა თემაზე იქნება საუბარი. ყველა საკითხზე იქნება საუბარი, რაც ამ ფორმატით არის გათვალისწინებული.

[პირველი შეხვედრა] ალბათ ძალიან მალე იქნება, სავარაუდოდ, ძალიან მალე იქნება, სად იქნება როდის იქნება ამაზე გაგიზიარებთ ინფორმაციას. შეიძლება არც თბილისში იყოს, არც მოსკოვში, შეიძლება სხვაგან იყოს. ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას გავუზიარებთ ინფორმაციას“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში, გიორგი ზურაბაშვილთან, კონტაქტები დაამყარა. უწყების განცხადებით, რუსეთის წარმომადგენელი ზურაბიშვილთან მოლაპარაკებებში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინი იქნება. რაც შეეხება გიორგი ზურაბიშვილს, ის ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში 21 ოქტომბერს დანიშნა.