რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩინეთში შეხვედრაზე უკრაინის საკითხს განიხილავენ, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა განაცხადა.
„რა თქმა უნდა, განხილული იქნება უკრაინის საკითხი, მისი მოგვარება, შესაბამისი ამერიკული და რუსული წინადადებები და იდეები“, - განაცხადა უშაკოვმა.
მისი თქმით, ქალაქ შენჭენში, რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტებს, ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის ორმხრივი შეხვედრის გამართვის საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს.
„შემიძლია 100%-ით ვთქვა, რომ რადგან პუტინი და დონალდ ტრამპი შენჭენში იქნებიან, ისინი იქ ერთმანეთს შეხვდებიან“, - აღნიშნა უშაკოვმა.
ამასთან, უშაკოვის ცნობით, ვლადიმერ პუტინი ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრას გამართავს.
„მათი საუბარი საგარეო პოლიტიკის საკითხებს, მათ შორის უკრაინას, შეეხება“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ.