მოლდოვის ხელისუფლება ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დასრულებას 2028 წლის დასაწყისამდე ისახავს მიზნად. ამის შესახებ პრეზიდენტმა მაია სანდუმ ბრიუსელში, ევროკავშირის გაფართოების ფორუმზე განაცხადა. მისი შეფასებით, ქვეყანას ამბიციური მიზნები აქვს და რეფორმების გაგრძელების შემთხვევაში ევროკომისიის მოლოდინების გადაჭარბებასაც შეძლებს. სანდუმ ასევე ყურადღება გაამახვილა გაწევრიანების შემდგომ პერიოდზე და აღნიშნა, რომ დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დასაცავად დამატებითი მექანიზმების შექმნა იქნება საჭირო.