„კოალიცია ცვლილებისთვის“ - ნამდვილი მეგობრები არ წყვეტენ საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე ზრუნვას, რითაც მკაფიოდ ვლინდება, ვინ არის მტერი და ვინ ერთგული მეგობარი - ვაგრძელებთ მუშაობას სირიის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გასაუქმებლად - Palitra News

„კოალიცია ცვლილებისთვის“ - ნამდვილი მეგობრები არ წყვეტენ საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე ზრუნვას, რითაც მკაფიოდ ვლინდება, ვინ არის მტერი და ვინ ერთგული მეგობარი - ვაგრძელებთ მუშაობას სირიის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების გასაუქმებლად

2026-11-17 11:41:44+04:00

„კოალიცია ცვლილებისთვის“ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობას აგრძელებს სირიის ხელისუფლების მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გასაუქმებლად- ამის შესახებ ინფორმაციას „კოალიცია ცვლილებისთვის“ ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ეს თემა :კოალიცია ცვლილებისთვის“ საგარეო კომუნიკაციის მუდმივ და უცვლელ საკითხად რჩება.

„იმ ფონზე, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ივანიშვილის რეჟიმი პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიებს ერთ-ერთ ბრალდებად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ საქმიანობას უყენებს, „კოალიცია ცვლილებისთვის“ აგრძელებს საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობას სირიის ხელისუფლების მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გასაუქმებლად.

გუშინ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა: „სირიასთან ასოცირების შეთანხმებასთან დაკავშირებით მკაფიო პირობები უნდა გვქონდეს, მათ შორის არის უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარება - სამუშაო ჯგუფები დეტალებზე მუშაობენ.“

აღნიშნულით დასტურდება, რომ სირიის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გაუქმების საკითხი ევროკავშირის უმაღლეს პოლიტიკურ დღის წესრიგში დგას და სამუშაო პროცესიც უკვე მიმდინარეობს.

21 ივლისს კოალიციამ სპეციალური მიმართვები გაუგზავნა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ევროკომისარს გაფართოების საკითხებში, ევროკომისიის პრეზიდენტსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროებს, ხოლო 14 სექტემბერს კოალიციას ევროკომისიის ოფიციალური კორესპონდენციით ეცნობა, რომ ევროკავშირის ინსტიტუტები სირიის ხელისუფლებასთან ურთიერთობისას დღის წესრიგში შეიტანდნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარების საკითხს. აღნიშნული თემა ჩვენი საგარეო კომუნიკაციის მუდმივ და უცვლელ საკითხად რჩება.

მაშინ, როდესაც ივანიშვილის რუსული რეჟიმი საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებთან და ტრადიციულ მეგობრებთან დაპირისპირებისა და დასავლეთისგან ქვეყნის იზოლაციის ავტორიტარულ გზას ადგას, ჩვენი ნამდვილი მეგობრები არ წყვეტენ საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე ზრუნვას, რითაც კიდევ ერთხელ მკაფიოდ ვლინდება, ვინ არის მტერი და ვინ ერთგული მეგობარი.

მადლობას ვუხდით ევროკავშირს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის ერთგულად გატარებისთვის და ვაგრძელებთ მუშაობას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენისათვის“, - წერია განცხადებაში.