„შიდა პოლიტიკური დაძაბულობის ზრდამ და ევროკავშირთან ურთიერთობების გაუარესებამ შესაძლოა, ინვესტორების განწყობაზე უარყოფითად იმოქმედოს“ - ასეთია საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი საქართველოსთან დაკავშირებით - Palitra News

„შიდა პოლიტიკური დაძაბულობის ზრდამ და ევროკავშირთან ურთიერთობების გაუარესებამ შესაძლოა, ინვესტორების განწყობაზე უარყოფითად იმოქმედოს“ - ასეთია საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი საქართველოსთან დაკავშირებით

2026-11-17 14:48:25+04:00

„შიდა პოლიტიკური დაძაბულობის ზრდამ და ევროკავშირთან ურთიერთობების გაუარესებამ შესაძლოა, ინვესტორების განწყობაზე უარყოფითად იმოქმედოს“ - ასეთია საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზი საქართველოსთან დაკავშირებით. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ საქართველოში შეხვედრები დაასრულა და ქვეყნის ბოლოდროინდელი ეკონომიკური და ფინანსური ვითარების, ასევე რეფორმების მიღწევის პროგრესი შეაფასა. ფონდის მიერ გავრცელებულ შემაჯამებელ განცხადებაში მიმოხილულია გეოპოლიტიკური გაურკვევლობისა და საქართველოს ეკონომიკაზე გავლენის სფეროები. „ეკონომიკის პერსპექტივის გარშემო მაღალი გაურკვევლობა ნარჩუნდება. ახლო აღმოსავლეთში ომის განახლებულმა ესკალაციამ შესაძლოა ენერგომატარებლების და სურსათის ფასები გაზარდოს და ტურიზმი შეაფერხოს. შიდა პოლიტიკური დაძაბულობის ზრდამ და ევროკავშირთან ურთიერთობების დაძაბვამ შესაძლოა ინვესტორების განწყობაზე უარყოფითად იმოქმედოს. უკრაინაში ომის დასრულებამ შესაძლოა განამტკიცოს რეგიონული სტაბილურობა, ნდობა და სავაჭრო პერსპექტივები, თუმცა, ამავდროულად, შესაძლოა უკუმიმართულება მისცეს მიგრაციულ და ფინანსურ ნაკადებს, რომლებმაც ხელი შეუწყო ეკონომიკის ზრდას ბოლო წლების განმავლობაში. მეორეს მხრივ, ინვესტიციების გააქტიურებამ - მათ შორის, უძრავი ქონების მსხვილი პროექტების ფარგლებში, შესაძლოა მეტად წაახალისოს ეკონომიკური აქტივობა“. - ნათქვამია სავალუტო ფონდის ანგარიშში. ამავე დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ფისკალური პოლიტიკა კვლავაც გონივრულად იმართება. 2026 წელს ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ს ერთნახევარი პროცენტის დონეზე იქნება, სახელმწიფო ვალი მშპ-ს 33 პროცენტამდე დაიკლებს.