პროკურორი - ელისო კილაძის ქმედებები, შენიღბული იყო თაღლითურ „ქოლ-ცენტრებთან“ მებრძოლის იმიჯით, ის თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ საჭიროებების მიხედვით მოქმედებდა და მითითებას იღებდა ჯგუფის სხვა წევრებისგან - Palitra News

პროკურორი - ელისო კილაძის ქმედებები, შენიღბული იყო თაღლითურ „ქოლ-ცენტრებთან“ მებრძოლის იმიჯით, ის თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ საჭიროებების მიხედვით მოქმედებდა და მითითებას იღებდა ჯგუფის სხვა წევრებისგან

2026-11-17 18:58:58+04:00

ელისო კილაძის თითოეული ქმედება, შენიღბული იყო თაღლითურ „ქოლ-ცენტრებთან“ მებრძოლის იმიჯით. ის თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ საჭიროებების მიხედვით მოქმედებდა და მითითებას იღებდა ჯგუფის სხვა წევრებისგან,- ამის შესახებ ფინანსური დანაშაულის ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტის, ელისო კილაძის საქმის პროკურორმა, მარიამ ბერძენიშვილმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ჟურნალისტი ელისო კილაძე თავის შესაძლებლობებს იყენებდა იმგვარად, როგორც „ეს „ქოლ-ცენტრის“ საქმიანობისთვის იქნებოდა საჭირო“.

„2020-2023 წლებში სამ სხვადასხვა შპს-ს ბაზაზე, თბილისში, სხვადასხვა ლოკაციაზე ფუნქციონირებდა 5 „ქოლ-ცნეტრი“. ამ ჯგუფს ჰყავდა ორგანიზატორები, რომლებიც ადგილზე მენეჯერულ საქმიანობას ეწეოდნენ, ასევე იყვნენ ფიგურები, რომლებსაც გადანაწილებული ჰქონდათ მფარველებთან და სხვადასხვა პირებთან ურთიერთობა და კავშირების დალაგება. ასევე, პირები, რომლებიც პროგრამულად უზრუნველყოფდნენ ამ ყველაფრის ფუნქციონირებას. მფარველებიც მიცემულები არიან პასუხისგებაში.

მოწმეების მიერ მიცემული ინფორმაციით დადასტურდა, რომ [ელისო კილაძე] თავის შესაძლებლობას იყენებდა იმგვარად, როგორც ეს „ქოლ-ცენტრის“ საქმიანობისთვის იქნებოდა საჭირო.

თითოეული მისი ქმედება, შენიღბული იყო თაღლითურ „ქოლ-ცენტრებთან“ მებრძოლის იმიჯით. ის თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ საჭოროებების მიხედვით მოქმედებდა და მითითებას იღებდა ჯგუფის სხვა წევრებისგან“,- განაცხადა მარიამ ბერძენიშვილმა.

ინფორმაციისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ ფინანსური დანაშაულის ბრალდებით დაკავებული ჟურნალისტი, ელისო კილაძე დამნაშავედ ცნო და 10 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას ასევე ჩამოერთვა ავტომობილი და 30 000 აშშ დოლარი.

ცნობისთვის, ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე, ელისო კილაძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით ჰქონდა წარდგენილი, რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას - ფულის გათეთრებას გულისხმობს. ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ელისო კილაძესთან ერთად პასუხისგებაში მიეცნენ ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე, გიორგი მიქაძე, დავით მიქაძე, ირაკლი სეხნიაშვილი, მიხეილ ჩოხელი, გივი ჯიბლაძე, ბენ ანორი, თორნიკე ჯანელიძე და გიორგი კამლაძე. მათაც ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით აქვთ წარდგენილი, რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას - ფულის გათეთრებას გულისხმობს. აღნიშნული პირების საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს.