სამხედრო ტყვეების გაცვლას ვამზადებთ - მნიშვნელოვანია, რომ აშშ-მა მოსკოვთან შეთანხმებას მიაღწია სამმხრივი მოლაპარაკებების ფორმატის გაფართოების შესახებ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
„ეს აბუ-დაბიში გამართულ სამმხრივ შეხვედრაზე მიღწეული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეთანხმება იყო. უკრაინა ამერიკულ მხარეს გაცვლის შესახებ წინადადებებს გადასცემს. დაზვერვის არხებით მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს. ჩვენ მზად ვართ, ეს უახლოეს კვირებში განვახორციელოთ. ამ შეთანხმების განხორციელების ვადები რუსული მხარის მოქმედებასა და მათთან ამერიკული გუნდის კომუნიკაციაზეა დამოკიდებული“, - წერს ზელენსკი X-ზე.
ზელენსკის ცნობით, უკრაინამ მხარეებს ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების დროებით ოკუპირებულ ნაწილებში 10 ლოკაცია შესთავაზა, სადაც ოლეშკიში ჩატარებული ჰუმანიტარული მისიის მსგავსი ოპერაციებია აუცილებელი.
„მნიშვნელოვანია, რომ აშშ-მა მოსკოვთან შეთანხმებას მიაღწია სამმხრივი მოლაპარაკებების ფორმატის გაფართოებისა და მასში ევროპის წარმომადგენლების, კერძოდ, E5-ის - დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიისა და პოლონეთის, ასევე ევროკომისიის, ევროპული საბჭოსა და ნატო-ს ჩართვის შესახებ. უკრაინა ევროპაში ყველა პარტნიორთან კოორდინაციას აგრძელებს და ჩვენ მუშაობას ყველა დონეზე გავაგრძელებთ, რათა ევროპა მოლაპარაკებების ძლიერი მონაწილე იყოს, როგორც ამერიკასთან შევთანხმდით“, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.