პროკურატურა განმარტავს, რა ამოიღეს 2024 წლის 4 დეკემბერს „გირჩი - მეტი თავისუფლებისა“ და „დროას“ ოფისიდან.
„ინტერპრესნიუსის“ შეკითხვაზე, რა იყო ამოღებული 2024 წლის 4 დეკემბერს, თბილისში, „გირჩი - მეტი თავისუფლებისა“ და „დროას“ ოფისში ჩხრეკის შედეგად, პროკურატურაში აცხადებენ:
„2024 წლის 4 დეკემბერს ჩატარებული, „გირჩი - მეტი თავისუფლებისა“ და „დროას“ ოფისის ჩხრეკის შედეგად, ამოღებული იყო “მოლოტოვის კოქტეილის “ დამზადებისთვის საჭირო ბენზინით სავსე ბიდონები და სხვა ატრიბუტიკა“, - განაცხადეს პროკურატურაში.
შეგახსენებთ, "დროას" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ლემონჯავამ საკონსტიტუციო სასამართლოში „დროას“ ოფისის ჩხრეკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამოიღეს: პლედები, პარალონები, პუფები, ფიზიოლოგიური ხსნარი, რესპირატორები, აირწინაღები, გამათბობლები, ტექნიკა და მის ოთახში გაკრული ფოტოსურათებიც.
ლემონჯავას განცხადებით, „მოლოტოვის კოქტეილები“ არც „დროას“, არც სხვა პარტიების ოფისებიდან არ ამოუღიათ.