ევროკავშირის პოლიტიკური ფორმატებიდან საქართველოს ჩამოშორების პროცესი ახალ ეტაპზე გადადის. ამჯერად ქვეყანა დაკავშირებადობისა და უსაფრთხოების მინისტერიალს არ დაესწრება, რადგან ხელისუფლებამ ევროკავშირის მიწვევა არ მიიღო. მმართველ გუნდში გადაწყვეტილებას ბრიუსელთან ურთიერთობის გაუარესებული კონტექსტით ხსნიან და მიიჩნევენ, რომ ევროკავშირის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ უნდა შეიცვალოს. ოპოზიციის შეფასებით კი, მსგავსი ნაბიჯები ქვეყანას საერთაშორისო პარტნიორებისგან კიდევ უფრო აშორებს. ხელისუფლების ოპონენტები გადაწყვეტილებაში იზოლაციისკენ მიმართულ პოლიტიკას ხედავენ და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ, ვის ინტერესებს ემსახურება საქართველოს საერთაშორისო პროცესებიდან გამოთიშვა.