ელისო კილაძეს ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას ასევე ორი ავტომობილი და 30 ათასი აშშ დოლარი ჩამოართვა. გადაწყვეტილება მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ გამოაცხადა. კილაძე ბრალდებას არ აღიარებს. მას ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში მონაწილეობას ედავებოდნენ. პროკურატურის ვერსიით, ჟურნალისტი დანაშაულებრივ საქმიანობას საინფორმაციო მხარდაჭერას უწევდა და სანაცვლოდ ფინანსურ სარგებელს იღებდა. კილაძე საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევდა. განაჩენს ოპოზიციაში აკრიტიკებენ, განსაკუთრებით სასჯელის სიმკაცრისა და თითქმის ცხრათვიანი დახურული სასამართლო პროცესების გამო.