რა აჩვენა ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ხარისხის შემოწმებამ - Palitra News

რა აჩვენა ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ხარისხის შემოწმებამ

2026-11-19 13:44:48+04:00

1 მილიონ 400 ათასი ლარის ჯარიმა გამოიწერა. რა აჩვენა ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ხარისხის შემოწმებამ? ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის შემცირებისა და პრევენციის მიზნით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვეყნის მასშტაბით ავტოგასამართ სადგურებზე საავტომობილო საწვავის ხარისხი შეამოწმეს. სწორედ ამ სამსახურის მიერ გავრცელებული მონაცემებით ირკვევა, რომ ავტოგასამართ სადგურებზე აღებული საავტომობილო საწვავის 111 ნიმუშიდან 14 კანონმდებლობით დადგენილ ხარისხობრივ ნორმებს ვერ აკმაყოფილებს. ხოლო, გამოვლენილი დარღვევების გამო შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებით გათვალისწინებული ჯარიმების საერთო ოდენობა დაახლოებით, 1 მილიონ 400 ათას ლარს შეადგენს.

შემოწმების ფარგლებში, 111 ავტოგასამართი სადგურიდან ბენზინის 34 და დიზელის საწვავის 77 სინჯი აიღეს და შესაბამის აკრედიტებულ ლაბორატორიაში გადააგზავნეს. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ დადგენილ ნორმებს 14 ნიმუში არ შეესაბამება. მათ შორის, ბენზინის ორ ნიმუშში ბენზოლის, არომატული ნახშირწყალბადებისა და ეთერების მოცულობითი წილის დასაშვებ ზღვარზე გადაჭარბება გამოვლინდა. როგორც უწყება განმარტავს, საქმის მასალები შემდგომი განხილვის მიზნით შესაბამის სასამართლოებში გადაიგზავნება. დეპარტამენტის ინფორმაციით, ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ხარისხის კონტროლი რეგულარულად ხორციელდება, რათა მინიმუმამდე შემცირდეს უხარისხო საწვავის მოხმარება და, შესაბამისად, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერების გაფრქვევა. უწყებაში აცხადებენ, რომ საწვავის ხარისხის დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის შემთხვევების კლების ტენდენცია შეინიშნება. ამასთან, ბოლო წლებში საწვავში აღარ ფიქსირდება ისეთი ტოქსიკური მძიმე ლითონის შემცველობა, როგორიცაა ტყვია.