3 ადამიანის ცხედარია ამოსვენებული, 2 ქალის და ერთი ბავშვის. 3 ადამიანს კვლავ ვეძებთ, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თეიმურაზ მღებრიშვილმა მედიასთან განაცხადა.
თეიმურაზ მღებრიშვილის განცხადებით, სავარაუდოდ, გარდაცვლილია 3 წლის ბავშვის დედა. მისივე თქმით, 3 წლის თაია ნანგრევებში მოყოლილებს შორის ჯერჯერობით ერთადერთი გადარჩენილია.
„ამ დროისთვის ნანგრევებიდან 1 ბავშვისა და 2 ქალის ცხედარია ამოსვენებული... ერთ-ერთი, სავარაუდოდ, 3 წლის თაიას მშობელი უნდა იყოს. სამი ადამიანი რჩება, რომელზეც მიმდინარეობს ძებნა“, - აღნიშნა თეიმურაზ მღებრიშვილმა.
ცნობისთვის, დღეს დილით, ფონიჭალაში, საცხოვრებელ კორპუსში, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა.