ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინმა უნდა გააცნობიეროს, რომ ყირიმის ხიდი ვერ იარსებებს - Palitra News

ვოლოდიმირ ზელენსკი - პუტინმა უნდა გააცნობიეროს, რომ ყირიმის ხიდი ვერ იარსებებს

2026-11-21 11:43:37+04:00

პუტინმა უნდა გააცნობიეროს, რომ ყირიმის ხიდი ვერ იარსებებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა.

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ყირიმის ხიდი უკრაინის თავდასხმებისთვის სრულიად კანონიერი სამიზნეა.

„ჩვენ მარტივი წესი გვაქვს: მათ ვპასუხობთ. თუ ისინი თავს ესხმიან ჩვენს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას, რაც არაერთხელ მოხდა, ჩვენ პასუხის გაცემის გზებს ვეძებთ. რუსეთმა უნდა იგრძნოს, რა არის ომი. ისინი წლებია თავს გვესხმიან, ანგრევენ ხიდებს, რკინიგზას. რა თქმა უნდა, პასუხი უნდა გაგვეცა, კერძოდ, ყირიმის ხიდზე დარტყმით. ეს ჩვენთვის სრულიად კანონიერი სამიზნეა, რადგან მათ ჩვენი ყირიმის ოკუპაცია მოახდინეს, ხიდი ააშენეს და განაცხადეს, რომ ის რუსეთის ნაწილია. მან [პუტინი] უნდა გააცნობიეროს, რომ ეს ხიდი ვერ იარსებებს. იქნება ეს ახლა, ომის დროს, თუ მოგვიანებით, როცა ომი დასრულდება. ნებისმიერ შემთხვევაში, დიპლომატიური თუ სამხედრო გზით, არ შევეგუებით იმას, რომ ტერიტორიები პუტინისა და რუსების მიერ იყოს ოკუპირებული“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, აშშ-ს უკრაინის მხარდაჭერა შეუძლია და იმედი გამოთქვა, რომ კონგრესი ერთიანობას გამოავლენს.

„კონგრესს, სურვილის შემთხვევაში, უკრაინის მხარდაჭერა შეუძლია. რა თქმა უნდა, აშშ-ს უკრაინის მხარდაჭერა შეუძლია. მათ იპოვეს იმის გზა, თუ როგორ დაუჭირონ მხარი ისრაელს. მათ გამონახეს გზა, თუ როგორ დაუჭირონ მხარი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს. მათ შორის, სხვადასხვა სახის შეიარაღებითა და სხვა ქვეყანაზე თავდასხმით. ვიმედოვნებ, კონგრესი აგრესორს გამარჯვების საშუალებას არ მისცემს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.