მოსამართლემ ირაკლი ღარიბაშვილის საქმის არსებითი განხილვა ღია სასამართლო სხდომით დაიწყო. სხდომას ყოფილი პრემიერი არ ესწრებოდა. ადვოკატის ინფორმაციით, საქმე 48 ტომს მოიცავს, ბრალდების მხარეს კი, ღარიბაშვილის ბრალეულობის დასადასტურებლად, ერთი პირდაპირი და ორი ირიბი ჩვენება აქვს წარდგენილი. პროკურორ ანი ლეკიაშვილის განცხადებით, სხდომის საჯაროდ ჩატარების გადაწყვეტილება სასამართლომ საკუთარი ინიციატივით, საჯაროობის პრინციპიდან გამომდინარე მიიღო. პროკურორი ასევე გამოეხმაურა ღარიბაშვილის განცხადებას მორალურ ზეწოლასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მასში მითითებული გარემოებები გამოძიების დასაწყებად საკმარისი არ აღმოჩნდა.ირაკლი ღარიბაშვილს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ჯგუფურად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავებიან.