„სოკარ ჯორჯია გაზი“ ქალაქ ქუთაისში, ზურაბ ჭავჭავაძის #50-ში საცხოვრებელი სახლის მეხუთე სართულზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
მათი ცნობით, ოქტომბრის თვეში, გეგმური შემოწმება განხორციელდა რომლის შედეგად, ქსელიდან ჩაიხსნა და დაილუქა წყლის გამაცხელებელი არასწორი მონტაჟის გამო.
„ქალაქ ქუთაისში, ზურაბ ჭავჭავაძის #50-ში მდებარე საცხოვრებელი სახის მეხუთე სართულზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, განვმარტავთ, რომ აბონენტთან გეგმური შემოწმება განხორციელდა ოქტომბრის თვეში, რომლის შედეგად, ქსელიდან ჩაიხსნა და დაილუქა წყლის გამაცხელებელი არასწორი მონტაჟის გამო.
დანარჩენი დეტალები დადგინდება გამოძიების ფარგლებში.
აბონენტებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ სიფრთხილისკენ! გთხოვთ, ჩაკეტილ მდგომარეობაში იქონიოთ ბუნებრივი გაზის დანადგარები და ონკანები, ხშირად გაანიავოთ ოთახი, სადაც ბუნებრივი გაზის მოხმარება ხორციელდება, არ დატოვოთ ბავშვები უყურადღებოდ გაზქურასთან ან ბუნებრივ გაზზე მომუშავე დანადგარებთან.
თუნდაც მცირედი ეჭვის დროს გთხოვთ, დაუყოვნებლივ დარეკოთ კომპანიის ცხელ ხაზზე - 16 114“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
ინფორმაციისთვის, ქუთაისში, ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩაზე, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება დღეს მოხდა. შედეგად დაშავდა 74 წლის ქალი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.