24-25 ნოემბერს დასავლეთ საქართველოს მიმართულებით ბუნებრივი გაზის უსაფრთხო და უწყვეტი ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად, მაგისტრალურ გაზსადენზე მასშტაბური ტექნიკური სამუშაოები განხორციელდება, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ავრცელებს.
“24-25 ნოემბერს დასავლეთ საქართველოს მიმართულებით ბუნებრივი გაზის უსაფრთხო და უწყვეტი ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად, მაგისტრალურ გაზსადენზე მასშტაბური ტექნიკური სამუშაოები განხორციელდება.საგურამო-ქუთაისის მაგისტრალური გაზსადენის 33.8 - 54.0 კმ-ებს შორის მონაკვეთზე დაგეგმილია ახლადაშენებული 20 კილომეტრიანი მილსადენის მოქმედ მაგისტრალურ მილსადენში მიერთების (შეჭრის) სამუშაოები, რის გამოც 2026 წლის 24 ნოემბრის 04:00 საათიდან 25 ნოემბრის 10:00 საათამდე, ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდებათ აღმოსავლეთ საქართველოს შემდეგი მუნიციპალიტეტებისა და მათ შემადგენლობაში შემავალი სოფლების მომხმარებლებს: კასპის, გორის, ქარელის, ხაშურისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებს, ასევე დაბა ბაკურიანის მომხმარებლებს.
ამასთან, ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ დასავლეთ საქართველოს მიმართულებით მდებარე ყველა მუნიციპალიტეტის ქალაქებისა და სოფლების მომხმარებლებს, კერძოდ: საჩხერის, ჭიათურის, ხარაგაულის, ზესტაფონის, ამბროლაურის, ქუთაისის, წყალტუბოს, ბაღდათის, სამტრედიის, აბაშის, სენაკის, ხობის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ფოთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებს, აგრეთვე აჭარის რეგიონს.
გარდა ამისა, საზოგადოების წინასწარი ინფორმირების მიზნით აღვნიშნავთ, რომ 2026 წლის ბოლომდე დაგეგმილია აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის განშტოების ახლადაშენებული 25-კილომეტრიანი მონაკვეთის მოქმედ ქსელთან მიერთების მასშტაბური სამუშაოები, რაც აუცილებელ ტექნიკურ ღონისძიებებს საჭიროებს. აღნიშნული სამუშაოები აჭარის რეგიონში უწყვეტ გაზმომარაგებას უზრუნველყოფს.