გამძლეობა მინდა ვუსურვო [პატიმრებს], თავისუფლების ფასი არაფერია, - ამის შესახებ ქსნის პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ მსჯავრდებულმა გიორგი ოკმელაშვილმა განაცხადა.
ის პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მიერ შეწყალებულთა შორის მოხვდა.
„როკ-ენ-როლი გრძელდება, უხერხული იყო, სხვა ვერაფერს გეტყვით. 414-ს მოკითხვა“, - განაცხადა ოკმელაშვილმა.
კითხვაზე, აპირებს თუ არა ის ბრძოლის გაგრძელებას, უპასუხა, რომ არაფერი შეცვლილა.
„ალბათ, როგორც ვიყავი, ისევ ისე, არაფერი შეცვლილა”, - განაცხადა ოკმელაშვილმა.
გიორგი ოკმელაშვილი 2024 წლის მაისში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა აქციაზე დააკავეს. მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ და 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.
პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე გლდანის მე-8 დაწესებულება დატოვეს გიორგი მინდაძემ, ანრი კვარაცხელიამ, ნიკოლოზ ჯავახიშვილმა, თემურ ზასოხაშვილმა და დავით ლომიძემაც.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით 232 პირი შეიწყალა.
ფოტო: მინდია გაბაძე/პუბლიკა