უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი - ლიბიამ კითხვებით რუსეთს უნდა მიმართოს - Palitra News

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანი - ლიბიამ კითხვებით რუსეთს უნდა მიმართოს

2026-11-24 14:19:06+04:00

ლიბიამ კითხვებით რუსეთს უნდა მიმართოს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, გეორგი ტიხიმ განაცხადა.

გეორგი ტიხის განცხადებით, რუსული კორვეტი „მერკური“, რომელიც დრონებით დარტყმის შედეგად ლიბიის ქალაქ ბენღაზთან ჩაიძირა, უკრაინის კანონიერი სამიზნე იყო.

„უკრაინა თავს იცავს რუსეთის შეიარაღებული აგრესიისგან. ჩვენი ქმედებები გაერო-ს წესდების 51-ე მუხლით არის განმტკიცებული. უკრაინას სრული უფლება აქვს, რომ აგრესორის კანონიერ სამხედრო სამიზნეებს დაარტყას. უკრაინა ომში არავის არ ითრევს. საერთაშორისო სამართალი თავდაცვის უფლებას არ ზღუდავს იმ ადგილით, სადაც აგრესიაზე პასუხი ხდება: თავდასხმის ქვეშ მყოფი ქვეყნის ტერიტორიაზე, აგრესორის ტერიტორიაზე თუ საერთაშორისო წყლებში“, - განაცხადა ტიხიმ.

მისი თქმით, ლიბიას შეუძლია კითხვებით რუსეთს მიმართოს, „რომელიც მესამე ქვეყნების სამოქალაქო ინფრასტრუქტურას სამხედრო მიზნებისთვის იყენებს და მათ საფრთხეს უქმნის“.

„ლიბიისთვის საფრთხე სწორედ იმ რუსულმა სამხედრო ხომალდებმა შექმნეს, რომლებსაც იარაღი გადააქვთ და რომლებიც იქ რეგულარულად ჩადიან. უკრაინა ლიბიის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას პატივს სცემს. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ უკრაინის ქმედებები რუსეთის შეიარაღებული აგრესიის წინააღმდეგ არის მიმართული და ლიბიის ან მისი ხალხისთვის ზიანის მიყენებას მიზნად არ ისახავს“, - აღნიშნა ტიხიმ.

შეგახსენებთ, 23 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ ლიბიის ბენღაზის პორტთან უკრაინულმა საზღვაო დრონებმა რუსული კორვეტი „მერკური“ ჩაძირეს და დააზიანეს სატვირთო ხომალდი MV ANGARA, რომელსაც რუსული იარაღი გადაჰქონდა.

მოგვიანებით, ლიბიის საპრეზიდენტო საბჭოს წევრმა, მუსა ალ-კონიმ ბენღაზის პორტზე უკრაინის თავდასხმა დაგმო და განაცხადა, რომ ეს ლიბიისთვის ომის გამოცხადებას ნიშნავდა. მუსა ალ-კონიმ მომხდართან დაკავშირებით გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევა მოითხოვა.