ომბუდსმენის აპარატი - სახალხო დამცველი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან გლობალურ კამპანიას უერთდება - შსს-ის 2026 წლის 9 თვის მონაცემით, ქალთა მიმართ ძალადობის 748, ხოლო ოჯახში ძალადობის 5878 შემთხვევაზე შემაკავებელი ორდერი გამოიცა - Palitra News

ომბუდსმენის აპარატი - სახალხო დამცველი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან გლობალურ კამპანიას უერთდება - შსს-ის 2026 წლის 9 თვის მონაცემით, ქალთა მიმართ ძალადობის 748, ხოლო ოჯახში ძალადობის 5878 შემთხვევაზე შემაკავებელი ორდერი გამოიცა

2026-11-25 10:41:33+04:00

საქართველოს სახალხო დამცველი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიან გლობალურ კამპანიას უერთდება.

როგორც ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, კამპანია 25 ნოემბერს იწყება და 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს სრულდება.

„სამწუხაროდ, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა ქვეყნისთვის კვლავ დიდ გამოწვევას წარმოადგენს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2026 წლის 9 თვის მონაცემით, ქალთა მიმართ ძალადობის 748, ხოლო ოჯახში ძალადობის 5878 შემთხვევაზე შემაკავებელი ორდერი გამოიცა. მიმდინარე წელსაც ქალთა მიმართ ძალადობის უმძიმესი ფორმის, ქალთა მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის არაერთი ფაქტი დაფიქსირდა.

საქართველოს სახალხო დამცველის მიერ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე ინდივიდუალური საქმის შესწავლის ფარგლებში, რიგ საქმეებში, კვლავ გამოვლინდა სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლების მხრიდან მსხვერპლების მიმართ არასენსიტიური დამოკიდებულებები, არასათანადო რეაგირება, რისკების შეფასების პრობლემები.

მიმდინარე წელს, სახალხო დამცველმა განახორციელა საერთო სასამართლოების მიერ 2025 წელს გამოცემული დამცავი ორდერების მონიტორინგი. დამცავი ორდერებისა და სასამართლო პროცესების ანალიზისას გამოვლინდა ის ხარვეზები, რომელთა გამოსწორებაც ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის დაცვის მექანიზმის ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის აუცილებელია. ამასთან, გამოიკვეთა კარგი პრაქტიკის შემთხვევებიც, სადაც დამცავი ორდერის გამოცემის პროცესში გათვალისწინებული იყო ძალადობის მსხვერპლთა სპეციფიკური საჭიროებები და დამცავი ორდერი სათანადოდ იყო გამოყენებული.

გარდა ზემოაღნიშნულისა, ქვეყანაში კვლავ პრობლემურია ძალადობის მსხვერპლთა სათანადო გაძლიერება, გრძელვადიანი და მათ საჭიროებებზე მორგებული პროგრამებისა და პრევენციული ღონისძიებების სიმცირე.

სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას შეიმუშაოს შედეგზე ორიენტირებული, ყოვლისმომცველი სახელმწიფო პოლიტიკა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად. მნიშვნელოვანია გაგრძელდეს და გაძლიერდეს მუშაობა სამართალდამცავი უწყებების, მათ შორის მოსამართლეების გადამზადების კუთხით. ამასთან, მნიშვნელოვანია მუნიციპალურ დონეზე ქალთა საკითხებზე მომუშავე საბჭოების გააქტიურება, ძალადობის მსხვერპლთა სერვისების დახვეწა, რაც ხელს შეუწყობს ქვეყანაში სამართლიანობის უზრუნველყოფას, ძალადობის მსხვერპლთა სათანადო დაცვასა და მოძალადეების მიმართ მკაცრი პოლიტიკის გატარებას”, - ნათქვამია განცხადებაში.