გვარამიას სასამართლო დარბაზში ყოფნა მათ თავიდანვე დისკომფორტს უქმნიდა. ზუსტად იცოდნენ, რომ გვარამია არ მოუთმენდა, არ დაუთმობდა და უფრო მეტად შეუტევდა იმიტომ, რომ ნიკამ საქმე იცის, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენელმა, გიორგი ბუტიკაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომასთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც ხუთი პარტიის აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ სარჩელს იხილავენ და საიდანაც კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია მოსამართლე რევაზ ნადარაიამ პროცესიდან გააძევა.
ბუტიკაშვილის თქმით, სასამართლო სხდომიდან ნიკა გვარამიას გაძევების მიზეზი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისა და მოსამართლეების არასაკმარისი კომპეტენცია გახდა, რომლებმაც გვარამიასთან სამართლებრივი არგუმენტებით დავა ვერ შეძლეს.
„როდესაც ნიკა გვარამიამ კუთხეში მოიმწყვდია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და მოსამართლეები, იქ არც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს და არც მოსამართლეებს უკვე კომპეტენცია აღარ ეყოთ, რომ სამართლებრივად ედავათ ან იმ სამართლებრივი ჩიხიდან, სადაც აღმოჩნდნენ, ღირსეულად დაეძვრინათ თავი, ამიტომ მსგავსი პროფესიონალები არ სჭირდებათ არც „ქართულ ოცნებას“ და არც ნებისმიერ მოსამართლეს.
როდესაც საჯაროა ეს ყველაფერი და როდესაც საზოგადოება ამ ყველაფერს ისმენს, ცხადია, ნადარაია და მისთანანი უკვე ვეღარ ახერხებენ თავი დაიცვან და ამიტომ მიდის გამოძევებამდე საქმე, ამიტომ ხდება იმის თეატრალიზება მათივე მხრიდან, რომ სხვა ძალა აღარ ჰყოფნით გარდა იმისა, რომ გამოაძევონ.
გვარამიას იქ ყოფნა მათ თავიდანვე დისკომფორტს უქმნიდა. ზუსტად იცოდნენ, რომ გვარამია არ მოუთმენდა, არ დაუთმობდა და უფრო მეტად შეუტევდა იმიტომ, რომ ნიკამ ეს საქმე იცის, ამდენი წელი უმუშავია, ზუსტად იცის, ვინ არიან, ზუსტად იცის, ვის ელაპარაკება და რანაირი მოწყვლადები არიან.
ჩვენ ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ. საჭიროა, სტრასბურგისთვის მომზადდეს ყველა საჭირო დოკუმენტაცია“, - განაცხადა ბუტიკაშვილმა.