3 მილიარდ 230 მილიონ ლარზე მეტი - სწორედ ამდენია კომერციული ბანკების წმინდა მოგება მხოლოდ 10 თვეში. ვნახოთ მონაცემები დეტალურად. 2026 წლის იანვარ-ოქტომბერში, კომერციულმა ბანკებმა და მიკრობანკებმა 3 მილიარდ 231 მილიონ 091 ათას 505 ლარის წმინდა მოგება მიიღეს. სებ-ის სტატისტიკის თანახმად, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ეს მაჩვენებელი თითქმის 541 მილიონი ლარით არის გაზრდილი. კერძოდ, მონაცემების მიხედვით, 2025 წლის იანვარ-ოქტომბერში ბანკები დაახლოებით 2 მილიარდ 690 მილიონი ლარის მოგებაზე გავიდნენ. რაც შეეხება ცალკეულ ბანკებს, 2026 წლის 10 თვეში ყველაზე მეტი მოგება კვლავ „საქართველოს ბანკმა” მიიღო, ყველაზე ზარალიანი კი მოცემული საანგარიშო პერიოდი კვლავ „სილქ ბანკისთვის“ აღმოჩნდა. აღსანიშნავია ისიც, რომ კომერციული ბანკების მთლიანი მოგების თითქმის ნახევარი (49.99%) ერთ ფინანსურ ინსტიტუტზე - „საქართველოს ბანკზე“, ხოლო მთლიანი მოგების 86.7% ორ ბანკზე - „თიბისისა“ და „საქართველოს ბანკზე“ მოდის. უფრო დეტალურად თუ გაინტერესებთ, არასრული წლის გამავლობაში „საქართველოს ბანკმა“ უკვე 1 მილიარდ 615 081 950 ლარის მოგება დაწერა. რაც შეეხება „თიბისი ბანკს“, მისი მოგებაც მილიარდიან ზღავრს სცდება და მხოლოდ ათ თვეში 1 მილიარდ 185 მილიონ ლარს გადააჭარბა. სხვა დანარჩენი კომერციული ფინანსური ინსტიტუტების მოგების მაჩვენებელი ამ ორი ბანკის მომგებიანობასთან ახლოსაც არ დგას და უკეთეს შემთხვევაში, წლის ამ პერიოდში ერთ ასეულ მილიონს მცირედით აჭარბებს. მახსოვს ცოტა ხნის წინ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი უცხოური ბანკებისთვის ლიცენზიების გამარტევაბასა და ფინანსურ სექტორში კონკურენციის ზრდის აუცილებლობაზე საუბრობდა, თუმცა ჯერ-ჯერობით საქმე განცხადებების იქეთ არ წასულა. ამასობაში კი ორი ბანკის საბაზრო იდილია ათწლეულებია გრძელდება და მოგების ახალ-ახალ რეკორდებს ხსნის.