საპენსიო შენატანების დარღვევისთვის ჯარიმები 264%-ით გაიზარდა - Palitra News

საპენსიო შენატანების დარღვევისთვის ჯარიმები 264%-ით გაიზარდა

2026-11-26 14:29:04+04:00

საპენსიო შენატანების დარღვევისთვის ჯარიმები 264%-ით გაიზარდა.

საუბარია 2026 წლის იანვარ-ოქტომბერის პერიოდზე, როცა საპენსიო შენატანების დარღვევისთვის დამსაქმებლებს ჯამში 9 126 793 ლარის ჯარიმა გამოეწერათ, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 264%-ით აჭარბებს. ფინანსთა სამინისტროს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების მიხედვით, გასული წლის იგივე პერიოდში, იმავე დარღვევისთვის კომპანიებს მხოლოდ 2 506 417 ლარი დაეკისრათ.

თუმცა, აღსანიშნავია ერთი გარემოება, ამ წლის სექტემბერსა და ოქტომბერში, საპენსიო შენატანების არასწორად დარიცხვის გამო ბიუჯეტში დამსაქმებლების მიერ გადახდილი თანხა შემცირდა. შედარებისთვის, სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, ოქტომბერში ამ მიზნით ბიუჯეტში 86 825 ლარი შევიდა, სექტემბერში - 697 718 ლარი, მაშინ როცა აგვისტოში აღნიშნული თანხა 1 589 090 ლარს შეადგენდა.

შეგახსენებთ, რომ 16 სექტემბერს საკანონმდებლო ცვლილებები მიიღეს, რომლის თანახმადაც კომპანიები 2025 წლის 1-ელი მაისის შემდეგ საპენსიო ფონდის მიერ დაკისრებული ჯარიმებისგან თავისუფლდებიან, თუ არაუგვიანეს 2026 წლის 31 დეკემბრისა სრულად დაფარავენ საპენსიო შენატანებსა და საურავებს. ამასთან, ცვლილებებით შემცირდა ჯარიმების ოდენობაც. თუ მანამდე პირველ დარღვევაზე 500 ლარი, ხოლო განმეორებით შემთხვევაში 1 000 ლარი იყო გათვალისწინებული, ახალი წესით ჯარიმა ორივე შემთხვევაში 300 ლარს შეადგენს. ჯარიმების მოცულობის შემცირებაც დიდი ალბათობით, სწორედ ამ ცვლილებას უკავშირდება.