გოჩა ჯავახიშვილი - ხელისუფლების წარმომადგენლებიც ამ დემონსტრაციაზე უნდა იდგნენ და თქვან: აბა რა, ჩვენც ევროპა გვინდა და ყველამ ერთად ვიაროთ წინ, ევროპისკენ - ეს კი არ უნდა იყოს წნეხის საბაბი, არამედ ერთგვარი ქართული ფერხული უნდა იყოს ევროპისაკენ - Palitra News

გოჩა ჯავახიშვილი - ხელისუფლების წარმომადგენლებიც ამ დემონსტრაციაზე უნდა იდგნენ და თქვან: აბა რა, ჩვენც ევროპა გვინდა და ყველამ ერთად ვიაროთ წინ, ევროპისკენ - ეს კი არ უნდა იყოს წნეხის საბაბი, არამედ ერთგვარი ქართული ფერხული უნდა იყოს ევროპისაკენ

2026-11-28 19:53:06+04:00

ქართველი ხალხის გამძლეობა და შეუპოვრობა, ევროპისთვისაც სამაგალითო და მისაბაძია, რადგან ისინი ზეწოლას არ უშინდებიან, - ამის შესახებ საფრანგეთსა და მონაკოში ყოფილმა ელჩმა, გოჩა ჯავახიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

ის თსუ-სთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფება. როგორც ჯავახიშვილი განმარტავს, ევროპულ მომავალზე უარის თქმას რა ალტერნატივა აქვს, ეს ყველამ იცის.

„მნიშვნელოვანი დღეა და მნიშვნელოვანია ის ამბავი, რომ ამდენი ხალხი მოვიდა, ამ აქციას კიდევ ბევრი უერთდება. ეს არის სწორედ ის ნიშანი, რომ იდეა არ კვდება. ევროპა ეს არ არის მხოლოდ გეოგრაფიული საზღვრებით შემოფარგლული ტერიტორია, ეს არის იდეა და ამ იდეის ვისაც სჯერა, მას სჯერა, რომ ევროპა შეიძლება ტურბულენტურ ზონაშია, ბევრ პრობლემას უმკლავდება, ბევრი შიდა და გარე გამოწვევა აქვს, მაგრამ უნდა დავიჯეროთ, რომ ეს არის იდეა, რომელიც არ კვდება. ამ იდეის ვისაც სჯერა, ის ხალხია დღეს შეკრებილი. ევროპისთვისაც სამაგალითო და მისაბაძია ქართველი ხალხის გამძლეობა და შეუპოვრობა, არ უშინდებიან ზეწოლას. ხალხმა სამსახურები, მატერიალური კეთილდღეობა დათმო, რადგან მიაჩნიათ, რომ ეს იდეა არის ეფემერულ კეთილდღეობაზე გაცილებით მეტი, რომ ეს არის ღირსების საკითხი, ვისაც მიაჩნია, რომ საქართველოს მომავალი არის ევროპული მომავალი. ევროპულ მომავალზე უარის თქმას ვიცით რა ალტერნატივამდე მივყავართ.

ხელისუფლების მხრიდან ჩანს ისევ ზეწოლა. ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ამ გზას უნდა გაჰყვნენ, ეშინიათ, რომ ხელისუფლება ამას მათ წინააღმდეგ გამოიყენებს. მიმაჩნია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებიც დღეს, ამ ხალხთან ერთად უნდა იყვნენ დემონსტრაციაზე და თქვან: აბა რა, ჩვენც ევროპა გვინდა და ყველამ ერთად ვიაროთ წინ, ევროპისკენ. ეს კი არ უნდა იყოს წნეხის საბაბი, ან ვინმეს მიმართ რეპრესიული დამოკიდებულების გამოსახატი, არამედ ეს ერთგვარი ქართული ფერხული უნდა იყოს ევროპისაკენ და ამაში ყველა უნდა იღებდეს მონაწილეობას“, - განაცხადა ჯავახიშვილმა.