ხშირად ადამიანები, როცა ვიღლებით, მარტო ჩვენ დაღლაზე ვფიქრობთ და არ ვიაზრებთ, როგორ გამოვფიტეთ რეალურად რეჟიმი. ჩვენ ვხედავთ, რომ ორი წლის წინ ამ დღეს „ქართული ოცნების” მაღალჩინოსნები ციხეებს არ ხეხავდნენ და დღეს 20-ზე მეტი ადამიანი ან ციხეშია, ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ქვეშაა, ან გაქცეულია, – ამის შესახებ „ფედერალისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი შეფასებით, „ივანიშვილს როგორც საგარეო, ასევე საშინაო ფრონტზე სრული ჩაფლავება აქვს, საკუთარი ბაზა ჩამოენგრა“. მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც მთელი საზოგადოება პასუხს გასცემს კითხვას, „რას ნიშნავს საქართველო ივანიშვილის გარეშე, ივანიშვილი დასრულდება.“
„28 ნოემბერი ეს არის დღე, როდესაც რეჟიმმა რეალურად ღიად განაცხადა, რომ საქართველოს ისტორიული კურსი შეცვალა, ყველაფერს გადაუხვია და აღარ აგრძელებს იმ გზას, რომელიც წინაპრებიდან მოყოლებული ჩვენი მისიაა. მას მერე ორი წელია წინააღმდეგობა გრძელდება.
ორი წლის წინ ამბობდნენ, ტრამპი მოვა და ტრამპთან გადავშლით ფურცელსო და ტრამპთან გადაშალა ფურცელი კი არა, ვხედავთ რაც ხდება. ევროკავშირში შეხვედრაზე რომ არ უშვებენ, „ევრონიუსში“ ეტენებიან და იქაც ლამის ტყავს აძრობენ.
რად გვინდა ევროკავშირი და ამერიკა, რუსეთი ტერიტორიებს დაგვიბრუნებსო და ვხედავთ პუტინმა ქართულ კომპანიებს აუკრძალა ვაჭრობა რუსეთში. ჩვენ ვხედავთ, რომ ივანიშვილს სრული ჩაფლავება აქვს როგორც საგარეო, ასევე საშინაო ფრონტზე, საკუთარი ბაზა ჩამოენგრა და ახლა ჩვენ სიმრავლეს აქვს გაცილებით დიდი ძალა. ასე რომ, გეგმა არის მშვიდობიანი პროტესტი, ერთმანეთს დავანახოთ რამდენი ვართ, დაგვინახოს რეჟიმმა, რომ ამდენი ვართ. დაგვინახოს რეჟიმმა, რომ ამ ორწლიანი რეპრესიული პოლიტიკის მიუხედავად, პროტესტი არსებობს.
„ოცნება“ გაცილებით მეტად არის დაზიანებული. როგორც არ უნდა გამოიყურებოდეს და მას შემდეგ რაც ჩვენ მთელი საზოგადოება პასუხს გავცემთ კითხვას, რას ნიშნავს საქართველო ივანიშვილის გარეშე, ივანიშვილი დასრულდება,“ - აღნიშნა თამარ ჩერგოლეიშვილმა.