სავაჭრო ცენტრს "ლილო მოლი" გაზაფხულიდან "ამაზონის" მსგავსი ონლაინ გაყიდვების საიტი ექნება, რომელსაც სავარაუდოდ ლილომარკეტ.ჯი ერქმევა. საიტზე საცალო და ბითუმი შესყიდვა იქნება შესაძლებელი, მაგრამ პრიორიტეტი მაინც მწარმოებლებისგან ბითუმად შეძენის უზრუნველყოფა იქნება. ბითუმი ვაჭრობის შემთხვევაში პროდუქტის მიწოდება არა მარტო ქვეყნის მასშტაბით მოხდება, არამედ მეზობელ ქვეყნებშიც. რაც შეეხება საცალო ვაჭრობას, პირველ ეტაპზე მიწოდება მხოლოდ დედაქალაქის მასშტაბით იქნება შესაძლებელი. პირდაპირ შეძენის გარდა, მოქალაქეს შეეძლება სურვილის შემთხვევაში ჯერ ნიმუში მიიღოს, ნახოს და შემდეგ შეიძინოს პროდუქტი. საიტი სამ ენაზე - ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე იქნება ხელმისაწვდომი. რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, კომპანია გაყიდვების ონლაინ საიტის მეშვეობით ექსპორტს ძირითადად, აზერბაიჯანში, სომხეთსა და რუსეთში გეგმავს.