საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შემოღების საკითხს ბრიუსელში ხელი ოფიციალურად მოეწერა. ევროპარლამენტში გამართული ცერემონიის ფარგლებში რეგულაციას ხელი ევროპარლამენტის პრეზიდენტმა ანტონიო ტაიანმა და ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, მალტის საპარლამენტო მდივანმა კრის აგიუსმა მოაწერეს. ღონისძებას საქართველოს პრემიერ მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დაესწრნენ. ცვლილება რეგულაციაში, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შემოღებას ითვალისწინებს, ევროკავშირის საბჭომ 27 თებერვალს დაამტკიცა. განახლებული რეგულაცია რამდენიმე დღეში ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდება. გამოქვეყნებიდან 20 დღის ვადაში კი, საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტით უვიზოდ გამგზავრებას შეძლებენ.