შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ყალბი პასპორტების გამოყენებით ევროპის ქვეყნებში გამგზავრების დანაშაულებრივი სქემა გამოავლინეს.გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული დანაშაულებრივი სქემის ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ბერკანტ დ., რომელიც პირადად და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დახმარებით, სოლიდური თანხის სანაცვლოდ, ყალბი პასპორტების გამოყენებით, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეების ევროპის ქვეყნებში გამგზავრებას უზრუნველყოფდა. თანხის გადახდის შემდგომ, დანაშაულებრივი დაჯგუფის წევრები აღნიშნულ პირებს სხვა სახელითა და გვარით ყალბ პასპორტებს უმზადებდნენ, შემდეგ ისინი საქართველოში ჩამოჰყავდათ და სხვადასხვა საპასპორტო მონაცემით (ნამდვილით და ყალბით) შეუძენდნენ ავიაბილეთებს, ერთდროულად, როგორც თურქეთის (სადაც ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეები უვიზო მიმოსვლით სარგებლობენ), ასევე ევროპის რომელიმე ქვეყნის მიმართულებით.