ტელეკომპანია Palitranews-ის გადაცემა "თავისუფალ თემაში" გასულ სიუჟეტს, სადაც ნახუცრიშვილების ოჯახის გასაჭირზე იყო საუბარი, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ჯანდაცვის სამინისტრომ მძიმე დაავადების მქონე მრავალშვილიან დედას მედიკამენტები გადასცა. 5 შვილის დედას, 39 წლის ლალი ნახუცრიშვილის, რომელიც მძიმე დიაგნოზით არის დაავადებული, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ძვირადღირებული სამკურნალო მედიკამენტები უსასყიდლოდ გადასცეს. ოჯახი სოციალური შემწეობის მიმღებია და მკურნალობისათვის საჭირო თანხები არ გააჩნია. 39 წლის ლალი ნახუცრიშვილი 2 წელია საწოლს არის მიჯაჭვული. როცა უმძიმესი დიაგნოზი დაუსვეს მეხუთე შვილის, დემეტრეს მოლოდინში იყო. მას მელანომა - კანის ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინდა. მშობიარობიდან ერთ თვეში ოპერაცია დაინიშნა. ზურგიდან გაღიზიანებული ხალი ამოკვეთეს. მორიგი კონსულტაციისას გაირკვა, რომ დაავადება პროგრესირებადი იყო. ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან ოჯახისთვის დახმარების ეს პირველი შემთხვევა არ არის. პალიტრანიუსის გადაცემა თავისუფალ თემაში გასული სიუჟეტის შემდეგ, ოჯახი შინაგან საქმეთა მინისტრმაც მოინახულა.