ძლიერმა წვიმებმა ზუგდიდის რაიონის სოფელ ზედა ეწერში ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის საავტომობილო გზის ნაწილი და რამდენიმე საცხოვრებელი სახლის ეზო დატბორა. ადგილობრივების განცხადებით, პრობლემა სანიაღვრე არხების მოუწესრიგებლობაა, რასთან დაკავშირებითაც შესაბამის უწყებებს არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ.ზუგდიდის გამგებლის მოადგილე მამუკა წოწერია “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას აცხადებს, რომ შიდა სასოფლო გზების სანიაღვრე არხებთან დაკავშირებით დაპროექტების სამუშაოები უკვე დაწყებულია და ტენდერის გამოცხადების შემდეგ დაახლოებით ერთ თვეში ამ არხების რეაბილიტაციის პროცესი დაიწყება. რაც შეეხება ცენტრალურ მაგისტრალზე არსებულ არხებს, წოწერიას თქმით, ეს უკვე საქართველოს გზების დეპარტამენტის პრეროგატივაა.